25 აპრილი 2024,   14:09
ვრცლად
"შოთაძის მთავარი ფუნქცია არის ბიძინა ივანიშვილის მსახურება. ყველა ფეხის ნაბიჯზე დახვდებათ პროტესტი" - ელენე ხოშტარია

ირაკლი შოთაძე ბიძინა ივანიშვილის მსახურია და გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მისი მთავარი ფუნქცია ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დაკვეთების შესრულება იქნება - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ გააკეთა.

"შოთაძეს ვუთხარით ის, რაც თვითონაც კარგად იცის, მისი მთავარი ფუნქცია არის ბიძინა ივანიშვილის მონობა და მსახურება. რა თქმა უნდა შოთაძეს დაამტკიცებენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მიზანი ძალადობრივად სხდომის ჩაშლა არ არის, იმიტომ, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მათ უნდა იცოდნენ, რომ ყველა ფეხის ნაბიჯზე დახვდებათ სხვადასხვა ფორმის პრინციპული პროტესტი, ისინი კომფორტში ქვეყნის მიტაცებას ვერ გააგრძელებენ," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას თქმით კი, ირაკლი შოთაძის სახელთან უამრავი გამოუძიებელი საქმე ასოცირდება.

"გვინდოდა გამოგვეხატა პროტესტი, ეს ადამიანი იყო გენპროკურორი მაშინ, როდესაც გამოუძიებელი იყო უამრავი საქმე, მათ შორის ხორავას ქუჩის საქმე, მაჩალიკაშვილის საქმე, აფგან მუხთარლის საქმე და ცხადია, მისი დაბრუნება გენპროკურორის თანამდებობაზე არის ივანიშვილის გზავნილი საქართველოს მოსახლეობის მიმართ, რომ საერთოდ არ აინტერესებს საზოგადოებრივი აზრი," - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

ვიდრე პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მოსმენა დაიწყებოდა, დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატები, თინა ბოკუჩავა და ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით შევიდნენ. მათ გამოჩენას ხმაური მოყვა.

თინა ბოკუჩავას და ელენე ხოშტარიას ჰქონდათ ფლაერები, რომელთა დარიგებასაც დეპუტატებისთვის აპირებდნენ. ფლაერებზე, როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, პოლიტპატიმრები არიან გამოსახულნი.

დღის ამბები