19 აპრილი 2024,   10:35
ვრცლად
მარნეულში არასრულწლოვანი გოგოს მოტაცების ბრალდებით დაკავებულ 2 მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

მარნეულში არასრულწლოვნის მოტაცებაში ბრალდებულ 22 წლის მამაკაცს და მის მეგობარს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება ბოლნისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.

ორივე ახალგაზრდა მამაკაცს, გამოძიება ჯგუფურად გატაცებას ედავება, თუმცა ერთ-ერთს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუხლი გადაუკვალიფიცირა და ბრალი დაუმძიმა.

ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დამნაშავეთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

რაც შეეხება ბრალდებულის ოჯახის წევრებს, მათი განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება მათთვის მიუღებელია, რადგან გოგოს და ბიჭს ერთმანეთი უყვარდათ.  

"ერთმანეთი უყვარდათ, ბევრი ფოტოსურათიც ჰქონდათ ერთად გადაღებული. გოგონა ხშირად სტუმრობდა ჩემი შვილიშვილის სახლს. შემდეგ მგონი იჩხუბეს, ზუსტად არ ვიცი. ამის შემდეგ, ჩემმა შვილიშვილმა მოიტაცა. გოგონას ოჯახმა ამის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდა," - ამბობს 22 წლის ბრალდებულის ბებია.

ოთხმა მამაკაცმა, არასრულწლოვანი, დაოჯახების მიზნით მარნეულის ცენტრიდან რამდენიმე დღის წინ მოიტაცა, გოგონას ადგილსამყოფელი 14 საათის განმავლობაში უცნობი იყო.  

დღის ამბები