25 აპრილი 2024,   03:02
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმეზე სასამართლო პროცესზე ბრალდების მოწმეებს კითხავენ

"რუსთავი 2-ის" საქმეზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მოწმეებს კითხავენ.

ნიკა გვარამიასა და კახა დამენიას წინააღმდეგ საქმეში ბრალდებას სულ 60-მდე მოწმე ჰყავს, დღეს მათგან 4 მოწმე დაიკითხება.

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ ბრალდების მხარის მოწმეების არსებობა არ ადასტურებს დანაშაულს და ბრალდებას არ ამყარებს.

"რეალურად თვითონ ტერმინი ბრალდების მხარის მოწმე, არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანების მიერ მიწოდებული ინფორმაცია ადასტურებს დანაშაულს და ამყარებს ბრალდებას. პირიქით, ამ ადამიანების დაკითხვა, ისევე როგორც მომავალ პროცესებზე სხვა მოწმეების დაკითხვა, დაადასტურებს იმას, რომ რეალურად, არანაირი დანაშაული ჩადენილი არ არის და ეს საქმე არის ინიცირებული მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ განხორციელდეს პოლიტიკური დევნა," - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

როგორც საქმის პროკურორი ზვიად გუბელაძე აცხადებს, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეები სხვადასხვა ეპიზოდთან დაკავშირებით დაიკითხებიან.

"აღნიშნული მოწმეები იკითხება სხვადასხვა ეპიზოდთან დაკავშირებით, მათ შორის, არის როგორც მოგეხსენებათ 3 ეპიზოდი. ერთი არის გაფლანგვის ეპიზოდი. ამასთან დაკავშირებით, ასევე „პორშეს“ ეპიზოდთან დაკავშირებით მოხდება დაკითხვა და დაველოდებით მოწმეები რა ინფორმაციას მიაწვდიან სასამართლოს. მთავარი არის ფინანსური დოკუმენტები ამ საქმეში და ჩვენ ვეყრდნობით ფინანსურ დოკუმენტებს თითოეული ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში," - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

შეგახსენებთ, გამოძიება ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, "რუსთავი 2-ის" კუთვნილი დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

ნიკა გვარამიას, ასევე, ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

ნიკა გვარამიას  აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

დღის ამბები