19 აპრილი 2024,   17:24
ვრცლად
რატომ არ ზის ციხეში სააკაშვილი? კოდუა რატომ არ ზის ციხეში? მეგის ქარდავა რატომ ვერ ჩამოიყვანეთ? - გოგიჩაიშვილი შოთაძეს

4 საათია პარლამენტში ირაკლი შოთაძეს უსმენენ. გენერალური პროკურორობის კანდიდატთან შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მისი მოხსენებით დაიწყო. შოთაძემ გეგმებსა და ხედვებზე ისაუბრა, რის შემდეგაც მას დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და მმართველი გუნდის წევრებმა შეკითხვები დაუსვეს. ამ წუთებში გენერალური პროკურორობის კანდიდატი შეკითხვებს პასუხობს.

გენერალური პროკურორობის გამოცდილების მქონე კანდიდატს დამოუკიდებელი დეპუტატების კრიტიკის მოსმენა მოუწია. ისინი დაინტერესდნენ, რამდენად შეძლებს ირაკლი შოთაძე იყოს პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი, რატომ გადაწყვიტა პროკურატურაში მეორედ მოსვლა და რა სტატუსით ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში შეხვედრას, სადაც ბიზნესდავის მონაწილე მხარეები იმყოფებოდნენ.

ამასთან დაკავშირებით, დამოუკიდებელი დეპუტატები გენერალური პროკურორობის კანდიდატისგან დეტალურ პასუხებს ელოდებიან.

"სარალიძის საქმესთან დაკავშირებით, ამ საქმის მერე თქვენ გადადექით, აიღეთ როგორც ითქვა პოლიტიკური პასუხისმგებლობა, თქვენი აზრით უკეთესობისკენ რა შეიცვალა, რომ თქვენ ახლა ბრუნდებით?" – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე.

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" მდივანმა გედევან ფოფხაძემ, გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს კითხვა დაუსვა იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოიმოქმედებდა იმ შემთხვევაში, თუ კორუფციული ან სისხლის სამართლის დანაშაულს, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი ჩაიდენდა.

"რამდენად ეფექტურია სახელმწიფო სისტემა მთავარ პროკურორთან მიმართებაში, რომელიც ჩაიდენს კორუფციულ დანაშაულს, რომ პასუხი გასცეს მას? თუ თქვენ ხელთ არის მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ კორუფციული ან სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, ვთქვათ პირობითად ბიძინა ივანიშვილმა? თქვენი რეაგირება ამასთან დაკავშირებით როგორია?" – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან გოგიჩაიშვილი დაინტერესდა თუ რატომ ვერ მოახერხა ირაკლი შოთაძემ მიხეილ სააკაშვილის, მეგის ქარდავას, დავით კეზერაშვილისა და ერეკლე კოდუას დაპატიმრება.

"ვფიქრობ ჩემს გამოსვლაში სინაზის კომპონენტი არ იქნება. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ვძრახავთ ამ ადამიანების 9 წლიან სისხლიან რეჟიმს, მაგრამ 6 წელი ვის ემსახურებოდით, დიდი ბოდიში, ვის პროკურატურაში მუშაობდით? შემთხვევით ბატონი ადეიშვილის პროკურატურაში ხომ არ მუშაობდით? მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს არის მინიმუმ საპროკურორო ეთიკის დარღვევა, როდესაც ორი კერძო პირის საქმის გარჩევას ესწრება გენერალური პროკურორი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ გენერალური პროკურორი, სანამ არის ის ამ მანდატის მატარებელი, არის გენერალური პროკურორი სულ, დილითაც, ღამითაც. რატომ არ ზის ციხეში სააკაშვილი? კოდუა რატომ არ ზის ციხეში? კეზერაშვილმა, რომელმაც მილიარდი წაიღო ამ ქვეყნიდან, ციხეში რატომ არ ზის? მეგის ქარდავა რატომ ვერ ჩამოიყვანეთ უკრაინიდან?" – მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა ირაკლი შოთაძეს.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის ბექა ნაცვლიშვილის თქმით კი, თუ გენერალური პროკურორობის კანდიდატს აქვს რაიმე შეხება ბიზნესსაქმიანობასთან, ეს მისთვის მიუღებელია.

"მე არ მინდა, რომ მთავარი პროკურორი ბიზნესთან რამენაირ კავშირში იყოს. მივესალმები აკადემიურ საქმიანობას, რასაც თქვენ ახორციელებთ, მაგრამ ბიზნესთან კავშირი თუ იკვეთება თქვენი რამენაირად, ეს უკვე მიუღებელია თავიდანვე," - აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

დღის ამბები