25 აპრილი 2024,   07:45
ვრცლად
მუქარა ნაჯახითა და იარაღით - ქალს ქმარი სისტემატურად, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემდა

ქალს, რომელსაც მეუღლე ნაჯახისა და იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, საკუთარი ოჯახის ტრაგედიაზე საუბარი უჭირს. მას ქმარი სისტემატურად, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემდა.

ბოლო ასეთი შემთხვევის დროს ახალგაზრდა ქალი სიკვდილს საკუთარმა ნათესავმა გადაარჩინა. ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, მამაკაცი ცოლს ნაჯახით გაეკიდა და მოკვლით დაემუქრა. ამ დროს თვითმხილველმა პოლიციაში დარეკა. 

როგორც ირკვევა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სოფელ სვირის მოსახლეობა გოგოლაძეების ოჯახში ძალადობის მძიმე ფორმების შემსწრე იყო, თუმცა დანაშაულზე ყველა დუმდა. ადგილობრივები სავარაუდო მოძალადე ქმარს იმ მოტივით ამართლებდნენ, რომ ის ცოლს მხოლოდ არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის დროს სცემდა. 

44 წლის მამაკაცი, რომელიც ამ დროისთვის საპატიმროშია, წარსულში იმავე დანაშაულისთვის დაკავებული ერთხელ უკვე იყო. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ჯიმშერ გოგოლაძემ ჯერ შვილს სცემა, შემდეგ კი მეუღლეზე იძალადა. მომხდარის შემდეგ ცოლ-ქმარი ერთად აღარ ცხოვრობდა, ამ საქმის გამო მამაკაცზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემაკავებელი ორდერიც გამოსცა.

ბრალდებული მამაკაცის ოჯახი დანაშაულის დეტალებზე საუბრისგან თავდაპირველად თავს იკავებდა. თუმცა მოგვიანებით ცოლსა და შვილზე ძალადობისთვის დაკავებულის მშობელმა შვილის დანაშაული ფსიქიკური პრობლემებით ახსნა. მისივე განმარტებით, ბოლო რამდენიმე წელი პაციენტი გოგოლაძე მედიკამენტებზე იყო დამოკიდებული.

დღის ამბები