25 აპრილი 2024,   03:11
ვრცლად
დავინახე ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს რაღაც ჯგუფის გენერალური პროკურორი - ლევან გოგიჩაიშვილი 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასრულების შემდეგ, რომელმაც ირაკლი შოთაძეს მხარი დაუჭირა, განცხადებები გაკეთდა.

მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ირაკლი შოთაძე ნამდვილად ღირსეული კანდიდატია და ის მხარდაჭერას იმსახურებს.

"ირაკლი შოთაძე არის მაღალი დონის პროფესიონალი, ირაკლი შოთაძე არის მაღალი მორალური ღირებულებებით დაჯილდოებული პიროვნება, ის არის ადამიანი, რომლისთვისაც სკამი და თანამდებობა არ ნიშნავს არაფერს. მან ეს პირადად დაამტკიცა ჩვენი საზოგადოების წინაშე. ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობის დროს იქნა გამოძიებული არა ერთი სისტემური დანაშაული, რომელიც სწორედ ნაციონალური მოძრაობის დროს იყო ჩადენილი,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დამოუკიდებელი დეპუტატები კი ამბობენ, რომ ირაკლი შოთაძე, დამტკიცების შემთხვევაში არა ქვეყნის, არამედ გარკვეული ჯგუფის  გენერალური პროკურორი იქნება.

"ამ ქვეყანაში, კანონის უზენაესობის მაგივრად, თამაშის წესები დგება სადღაც, რომელიც არაფერ შუაში არ არის არც კონსტიტუციასთან და არც კანონმდებლობასთან. მე შემაშფოთა ბატონი შოთაძის გამოსვლამ, იმიტომ რომ მასში დავინახე ადამიანი, რომელიც ვერ იქნება საქართველოს გენერალური პროკურორი. მე დავინახე ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს და არის სავარაუდოდ, რაღაც ჯგუფის გენერალური პროკურორი,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ირაკლი შოთაძეს მხარი დაუჭირა. გენერალური პროკურორობის კანდიდატის მოსმენა დღეს 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს ფარული კენჭისყრით შედეგად კომიტეტის 8 წევრმა დაუჭირა მხარი.

 

 

დღის ამბები