18 აპრილი 2024,   19:48
ვრცლად
პარლამენტთან აქციის მონაწილეები ე.წ. აუდიო-ვიდეო პერფორმანს მოაწყობენ და მსვლელობას გამართავენ

პარლამენტთან ჭიჭინაძის ქუჩაზე ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი წარმოადგენენ ე.წ. აუდიო-ვიდეო პერფორმანსს, რის შემდგომაც დაიწყება მსვლელობა და პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო განცხადებებს გააკეთებენ.

"ჩვენ გამოვხატავთ პროტესტს. პოლიციელები გადასულები არიან ძალადობაზე. უბრალოდ ვიდექით, მოგვვარდნენ, მოგვაწვნენ და გამოგვყარეს და მიგვითითებენ, რომ გზას ნუ ვკეთავთ. დავალება აქვთ მიღებული, დაშალონ აქ მდგომი ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ ერთადერთს - კრიმინალი შოთაძის დანიშვნა არაფრით არ შეიძლება. მისი დანიშვნა ნიშნავს, რომ რეპრესიები გაგრძელდება," - განაცხადა "შეცვალეს" წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

ოპოზიციის წევრების განცხადებით, მათთვის მიუღებელია ირაკლი შოთაძის დანიშვნა და აქცია პერმანენტულ სახეს მიიღებს.

"ქართული ოცნების" უმრავლესობა დღეს ოვაციებით დაამტკიცებს შოთაძეს პროკურორის პოსტზე, მაგრამ პარალელურად აუცილებლად გაიგონებს ჩვენს ხმამაღალ პროტესტს. ჩვენ კარგად გვახსოვს, რის საფუძველზე დატოვა შოთაძემ თანამდებობა. ადამიანები, რომლებიც იღებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას კონკრეტულ საქმეზე, ისინი არ უნდა ბრუნდებოდენ თანამდებობაზე," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

ირაკლი შოთაძეს გენერალურ პროკურორობამდე ერთი საფეხური აშორებს. მის ძველ თანამდებობაზე დაბრუნების სურვილს კი მოყვა ქუჩის აქციების განახლებაც. ისევე, როგორც სხვა შემთხვევებშიც, პარლამენტის უმრავლესობის წევრებს შენობაში შესვლა შეძახილების ფონზე და სირცხვილის კორიდორის გავლით უწევთ. დღეს დილიდან ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან შეიკრიბა. ადგილი ჰქონდა რამდენიმე ინციდენტს და დაპირისპირებას სამართალდამცველებთან. 

 

ავტორი: დავით ცაგარელი

დღის ამბები