25 აპრილი 2024,   19:14
ვრცლად
შოთაძის დაბრუნება - ქვეყნის მთავარი ბრალმდებელი პოსტზე 6 წლით დაინიშნა

"ქართულმა ოცნებამ" სრული უმრავლესობით ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დააბრუნა. მას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ წასულა.

ბიუროს გადაწყვეტილებით დღევანდელ სხდომაზე კანდიდატურის განხილვა აღარ მომხდარა, საკითხი პირდაპირ კენჭისყრაზე გავიდა. დამტკიცების პროცედურას დარბაზში ესწრებოდა თავად ირაკლი შოთაძე.

რეგისტრაცია გაიარეს და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს "ქართული ოცნებიდან" საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ წასულმა დეპუტატებმა. უმრავლესობის ყოფილი წევრების მეორე ნაწილმა კი, პოლიტიკური ბოიკოტი გამოაცხადა და სხდომაზე საერთოდ არ შევიდა.

რადიკალურად განსხვავებული მოლოდინია "ქართულ ოცნებაში." "ქართული ოცნების" წევრების აზრით, ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის რანგში მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებს. არის საკითხები, რომელზეც შოთაძისგან სახელისუფლებო გუნდი აქტიურ მუშაობას ელოდება.

თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, ქვეყნის მთავარი ბრალმდებლის პოსტზე შოთაძის დაბრუნებას ოპოზიცია ქუჩიდან გამოეხმაურა. მესამე თვეა საპარლამენტო პარტიები ბოიკოტის რეჟიმში არიან. დეპუტატები ამბობენ, რომ შოთაძის დაბრუნებით საგამოძიებო უწყებაზე "ქართული ოცნების" გავლენა საგრძნობლად გაიზრდება.

რა დამსახურებებისთვის დაბრუნდა ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, დღეს სამთავრობო გუნდს აღარ განუმარტავს. პრემიერ-მინისტრი მხოლოდ მცირე კომენტარით შემოიფარგლა.

ირაკლი შოთაძეს საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისამდე ეკავა. აღნიშნული პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.

37 წლის ირაკლი შოთაძე ქვეყნის მთავარი ბრალმდებლის პოსტზე 6 წლით დაინიშნა.

დღის ამბები