24 აპრილი 2024,   03:32
ვრცლად
NGO-ების ნაწილი მიიჩნევს, რომ შოთაძის გენერალურ პროკურორად დამტკიცება პროცედურული დარღვევებით მოხდა

ირაკლი შოთაძეს თავისი ძველი კაბინეტის დაკავება დღეიდან უკვე ოფიციალურად შეუძლია. პარლამენტმა ახალ გენერალურ პროკურორს მხარდაჭერა გუშინ 82 ხმით გამოუცხადა. მიუხედავად ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ამტკიცებს, რომ შოთაძის დამტკიცება პროცედურული დარღვევებით მოხდა, რადგან კენჭისყრისთვის აუცილებელ იურიდიული კომიტეტის დასკვნაში, არ იყო მკაფიოდ მითითებული, რის საფუძველზე დაუჭირეს დეპუტატებმა შოთაძეს მხარი.

"კომიტეტის დასკვნა არის მხოლოდ ფორმალური ფარატინა ქაღალდი, რომელიც არ შეიცავს არავითარ ინფორმაციას, გარდა იმისა, რომ უთითებს, ფორმალურად კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პროკურორობის კანდიდატი, მაგრამ არ შეიცავს არავითარ შეფასებას კომიტეტის მხრიდან, თუ რატომ ჩათვალა კომიტეტმა, რომ ირაკლი შოთაძე აკმაყოფილებს მოთხოვნებს," - განაცხადა  არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს" გამგეობის წევრმა ეკატერინე ციმაკურიძემ.

უმრავლესობა ამტკიცებს, რომ პროცესმა რეგლამენტის სრული დაცვით ჩაიარა და სამოქალაქო სექტორს არაინფორმირებულობაში ან მიზანმიმართულ ტყუილში ადანაშაულებს.

"ბატონ ირაკლი შოთაძის არჩევა თანამდებობზე მოხდა პარლამენტის რეგლამენტის პროცედურების სრული დაცვით, გადაეცა პარლამენტის ბიუროს იურიდიული კომიტეტის დასკვნა იმის თაობაზე, რომ რა პროცედურით უნდა მომხდარიყო სესიაზე მის საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა. შესაბამისად დადგენილების მიღებისთანავე, რომლითაც განისაზღვრა ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად, მას მიენიჭა გენერალური პროკურორის უფლებამოსილება," - აღნიშნა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები