25 აპრილი 2024,   20:43
ვრცლად
"შოთაძის დავალებაა, გააგრძელოს რეპრესიები" - ოპოზიცია ირაკლი შოთაძის მთავარ ბრალმდებლად დანიშვნის შესახებ  

ირაკლი შოთაძეს თავისი ძველი კაბინეტის დაკავება დღეიდან უკვე ოფიციალურად შეუძლია. პარლამენტმა ახალ გენერალურ პროკურორს მხარდაჭერა გუშინ 82 ხმით გამოუცხადა.

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ირაკლი შოთაძის კვლავ მთავარ ბრალმდებლად დანიშვნა, ქვეყანაში ისედაც რთულ ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ შოთაძის დახმარებით, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური რეპრესიები განახორციელოს.

"შოთაძის დავალებაა, გააგრძელოს რეპრესიები, ივანიშვილისთვის პოლიტიკურად არახელსაყრელი ადამიანების, თუ ადამიანთა ჯგუფების წინააღმდეგ, რათა ივანიშვილმა როგორც ამ ქვეყნის უკან დამხევმა მილიარდელმა, რამენაირად შეძლოს კონტროლი ამ შპს-ზე, რასაც საქართველო ჰქვია დღეს და რომელიც მან ჯიბეში ჩაიდო და სისხლს წოვს," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, ოთარ კახიძე აცხადებს, რომ სახელ და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება არჩეული, პროკურატურა მაინც ბიძინა ივანიშვილის დავალებების შესრულებას გააგრძელებს. 

"ირაკლი შოთაძის დაბრუნება გენერალურ პროკურორად, არის იმ საზოგადოების შეურაცხყოფა, რომელმაც პროტესტი გამოთქვა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოუძიებლობის გამო. თუმცა, არსებითი მნიშვნელობა ის დაიკავებს ამ თანამდებობას, ფარცხალაძე, ბადაშვილი თუ თადუმაძე, იგივეს გააგრძელებს პროკურატურა - შეასრულებს ივანიშვილის მითითებებს," - განაცხადა ოთარ კახიძემ.

უმრავლესობა კი შოთაძის პროფესიონალიზმზე ამახვილებს ყურადღებას. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი შოთაძეს საპასუხისმგებლო პოზიციის კეთილსინდისიერად შესრულება შეუძლია. 

"ის კონკრეტული და დეტალური ხედვა, რომელიც მას გააჩნია პროკურატურის ინსტიტუციონალური განვითარების თვალსაზრისით, ასევე ის ნაბიჯები, რომელსაც ის აპირებს გადადგას სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით და ასევე სისხლის სამართლის პოლიტიკასთან დაკავშირებული მისი ხედვები. ამ ყველაფერმა ჩვენ მოგვცა საფუძველი, რომ ობიექტურად მივსულიყავით დასკვნამდე, რომ ის არის საუკეთესო კანდიდატი და მას სრულიად შეუძლია ამ ძალიან მნიშვნელოვანი საპასუხისმგებლო პოზიციის კეთილსინდისიერად და პირნათლად შესრულება," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

დღის ამბები