24 აპრილი 2024,   08:26
ვრცლად
გაიფიცებიან, თუ არა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები ბორდის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული

გაიფიცებიან თუ არა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები ბორდის დღევანდელ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ საშტატო ცვლილებები უნდა დაამტკიცოს. სხდომა 10:00 საათზე დაიწყება და საინფორმაციო სამსახურის გუნდი მასზე დასწრებას გეგმავს. ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სამსახურიდან არასასურველ კადრებს იშორებენ. მათივე თქმით, საფრთხეშია სარედაქციო დამოუკიდებლობა და პასუხიმგებლობას დირექტორსა და ბორდს აკისრებენ.

"პოლიტიკის განმსაზღვრელი პირები აღარ იქნებიან მაუწყებელში, მოსუფთავებულია ადგილი იმ პირებისთვის, რომლებიც მომავალში შეიძლება გახდნენ განმსაზღვრელები. ეს არის ნიშანი იმისა, რომ საზოგადოებამ შეიძლება დაკარგოს მიუკერძოებელი მაუწყებელი და პოლიტიკოსები, რომლებიც ძალიან გაბრაზებულები არიან ჩვენზე ჩვენი სიუჟეტების გამო, განკარგავდნენ შემდგომში ამ სარედაქციო პოლიტიკას," - განაცხადა აჭარის სატელევიზიო მაუწყებლის საიფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძემ.

მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირების ხელმძღვანელის მალხაზ რეხვიაშვილის თქმით, გაფიცვა დღის წესრიგში რჩება:

"ვაპირებთ დავესწროთ ბორდის სხდომას, ამის შესახებ წინასწარ გავაფრთხილეთ მრჩეველთა საბჭო, რომ საკმაოდ მაღალი იქნებოდა დასწრებადობა საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ვალდებულება აქვთ, სხდომა ჩაატარონ ისეთ სივრცეში, სადაც ჩვენ შეგვეძლება დავესწროთ და გამოვხატოთ ჩვენი აზრი. ალტერნატიული პროფკავშირების დღის წესრიგში რჩება გაფიცვის საკითხი, ოღონდ გაფიცვა არის რთული იურიდიული პროცედურა და ჩვენ არ გვინდა, რომ რაიმე პროცედურა დავარღვიოთ," - აღნიშნა რეხვიაშვილმა.

აჭარის სატელევიზიო მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრის სოსო სტურუას განცხადებით, საშტატო განრიგის ცვლილება აქამდეც ხშირად ხდებოდა და ამაში უცნაური არაფერია:

"რაც საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიქმნა, იმის მერე ძალიან ხშირად, წელწადში 2-3-ჯერაც კი მომხდარა საშტატო განრიგის ცვლილება, ამაში უცნაური არაფერია, უბრალოდ ეს არის მორიგი ნაბიჯი. მიმდინარეობს სტრუქტურული ერთეულების მოადგილეების შტატების გაუქმება და მის ნაცვლად სხვა შტატები შემოდის. გაფიცვის უფლება აქვს ყველას, გაფიცვა უნდა იყოს კანონიერი და თავისი მოთხოვნებით, საინტერესოა რა მოთხოვნები შეიძლება ქონდეთ. საერთოდ ბორდი არის იმის სადარაჯოზე, რომ არ დაირღვეს კანონი,"- განაცხადა სტურუამ.

დღის ამბები