დედაქალაქის მერის თქმით, თბილისის მთავრობა აპირებს, მოხდეს იმ ჯარიმების ამნისტია, რომლის მოთხოვნის უფლებაც თბილისის მუნიციპალიტეტმა "სითი პარკისგან" შეისყიდა. კალაძის განცხადებით, ამ ჯარიმების თანხობრივი რაოდენობა დაახლოებით 850 ათასია:
"მოხდა მორიგება, მორიგების შედეგად ჩვენ წამოვიღეთ ევაკუატორები, სამკერდე კამერები, ტერმინალები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ სისტემის სამართავად არის საჭირო. ასევე შევისყიდეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ათასობით ჯარიმის მოთხოვნის უფლება. ეს არის თავის დროზე "სითი პარკის" მიერ გამოწერილი ჯარიმები, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ეს ჯარიმები ლახავდა მოქალაქეების უფლებებს და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი კომპანიისთვის ხელშხეკრულების შეწყვეტისა.
დღეს ამ საქმიანობას აგრძელებს ჩვენი სატრანსპორტო კომპანია "თბილისი პარკინგი" და უბრალოდ, შედარება რომ გავაკეთოთ, წლის განმავლობაში დაახლოებით 1,2 მილიონი ჯარიმა იწერებოდა "სითი პარკის" მიერ, რაც სატრანსპორტო კომპანია ოპერირებს 500 ათასი ჯარიმა იწერება და ქალაქში არის წესრიგი და არ არსებობს უკმაყოფილო ადამიანები.
ჯარიმების, რომელიც ჩვენ წამოვიღეთ მოთხოვნის უფლება დღეს თბილისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მინდა გავაჟღერო ჩვენი გადაწყვეტილება და დავავალო ირაკლი ხმალაძეს მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა და მოვახდინოთ აღნიშნული ჯარიმების ამნისტია. მოქალაქეებს ჩამოეწერებათ ჯარიმები დაახლოებით 850 ათასი ლარის ღირებულებისაა, აქ იგულისხმება საჯარიმო სანქციებიც, რომელიც აღსრულების ბიუროსთვის არის გადაცემული და რომლის ფარგლებში იძულების ღონისძიებების გატარება უწევს უწყებას. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის წარდგენა პარლამენტისთვის და მე დარწმუნებული ვარ რომ პარლამენტი მხარს დაგვიჭერს," - განაცხადა კალაძემ.