25 აპრილი 2024,   14:48
ვრცლად
საბავშვო ბაღებსა და სკოლებში საკვები პროდუქტების 10 დღის მარაგია - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. განათლების სამინისტრო

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ  საბავშვო ბაღებსა და სკოლებში არსებული საკვები პროდუქტების მხოლოდ 10 დღის საკმარი მარაგია დარჩენილი.

"საბავშვო ბაღებში პროდუქტების 10 დღის მარაგია. ასევე, აღინიშნება შეფერხებები სკოლების სამზარეულოში კვერცხისა და არაჟნის მიწოდებასთან დაკავშირებით. თუმცა, მომწოდებელი ამტკიცებს, რომ აღნიშნულ პრობლემას მოაგვარებს," - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის  სააგენტო РЕС -ს ე.წ. განათლების სამინისტროს სკოლამდელი აღზრდის, ზოგადი და შემდგომი განათლების განყოფილების უფროსმა ნინა ჯიოევამ განუცხადა.

ცხინვალის სავაჭრო ცენტრები პროდუქტებისგან ცარიელდება და ცალკეულ პროდუქტებზე დეფიციტია, განსაკუთრებით კი, რძისა და ბავშვთა კვების პროდუქტებზე. 

ირკვევა, რომ გასულ კვირას მეწარმეები ე.წ. ზარამაგის საბაჟო პუნქტის მეშვეობით ოკუპირებულ  სამხრეთ ოსეთში საკვები პროდუქტების შემოტანის პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ.

ბიზნესმენები, ტრანსპორტირებული ტვირთის წონის კონტროლის მოთხოვნების გამკაცრებასთან დაკავშირებით, უკმაყოფილონი არიან. 

დღის ამბები