საქართველოს ხელისუფლება არ მუშაობს ეფექტურად იმისთვის, რომ რუსეთს დაუწესდეს სანქციები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ეფექტური კონტროლის გამო - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.
კანდელაკის თქმითვე, ქართული მხარის უმოქმედობა ოკუპანტ ქვეყანას მეტ შესაძლებლობებს აძლევს.
ოპოზიცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უფრო აქტიურად იმუშაოს და კრემლის მიმართ სანქციების დაწესება მოითხოვოს.
"საქართველოს მთავრობა ფანატიკურად ეწინააღმდეგება ოკუპაციის საკითხზე ამერიკისა და ევროპის მხრიდან რუსეთზე სანქციები დაწესდეს. ასეთ პირობებში, როდესაც საქართველო თავგამოდებით და გიჟივით ეწინააღმდეგება სანქციებში ჩვენი საკითხის შეტანას, ცხადია, რომ ოკუპანტს აქვს მეტი სივრცე, ასეთი ბარბაროსობა ჩაიდინოს," - განაცხადა კანდელაკმა.
ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სააგენტო "რესის" ინფორმაციით, ცხინვალში უკვე ერთი კვირაა რუსეთიდან ტვირთებს არ უშვებენ, რის გამოც სასურსათო მაღაზიები დაცლილია.
როგორც სააგენტო წერს, შემცირებულია ბავშვის საკვები და რძის პროდუქტები. მათივე ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის ე. წ. ხელისუფლება რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ დარჩენილ პროდუქტებზე ახლო მომავალში ფასებიც გაიზარდოს. რეგიონში შექმნილ ვითარებას და აფთიაქებისთვის ქართულ წარწერიანი მედიკამენტების ჩამორთმევის ფაქტების შესახებ ქართული მხარე დიდი ხანია საუბრობს.