25 აპრილი 2024,   16:34
ვრცლად
საავტომობილო გზების დეპარტამენტი​ ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულებას წყვეტს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-სთან გაფორმებული ხელშეკრულებების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-ს ყველა პირობა ჰქონდა პროექტის განსახორციელებლად, კონტრაქტორმა ვერ მოახერხა მობილიზება და შესაბამისი სამუშაოების წარმოება ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გამოთხოვილია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია. რაც შეეხება ხულო-ზარზმის პროექტის განვითარებას, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან შეთანხმება მიღწეულია და ახალი ტენდერების გამოცხადება  მიმდინარე წლის მარტის თვეშია დაგეგმილი.

ხულო-ზარზმის დამაკავშირებელი გზის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ხოლო 2 ლოტად გაყოფილი 42 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია, ისევ ქუვეითის ფონდისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-ს შორის ხელშეკრულებები ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 2 მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებზე 2018 წლის 2 აგვისტოს გაფორმდა.  110,2 მილიონი ლარის სამუშაოები, რომელიც  არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის მიერ ფინანსდებოდა, მშენებელ კომპანიას 2020 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა დაესრულებინა

დღის ამბები