20 აპრილი 2024,   04:16
ვრცლად
რუსეთს სურს ოკუპირებული ცხინვალი საკუთარ სამხედრო ბაზად გადააქციოს - ვოლსკი

რუსეთს სურს ოკუპირებული ცხინვალი საკუთარ სამხედრო ბაზად გადააქციოს - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტთან დაკავშირებით შქმნილ ვითარებას.

ვოლსკის შეფასებით, კრემლის პოლიტიკის მიზანია, ოკუპირებული ცხინვალი ადამიანებისგან დაიცალოს.

"ოსები ზოგადად და ნებისმიერი სხვა ხალხი ეთნიკური ჯგუფების მიხედვით არ წარმოადგენს რუსეთის მხრიდან რაიმე ინტერესს და ჩემი განცხადება მინდა, რომ ჩავიდეს იქამდე - რუსეთისთვის ცხინვალის რეგიონი არის სამხედრო ბაზა. არ არსებობს არცერთი ნიშანი იმისა, რომ რაიმეთი რუსეთს აინტერესებს ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება. პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ დაიცალოს ცხინვალის რეგიონი და სამხედრო პოლიგონისთვის დარჩეს მეტი ადგილი," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სააგენტო "რესის" ცნობით, ცხინვალში უკვე ერთი კვირაა რუსეთიდან ტვირთებს არ უშვებენ, რის გამოც სასურსათო მაღაზიები დაცლილია.

როგორც სააგენტო წერს, შემცირებულია ბავშვის საკვები და რძის პროდუქტები. მათივე ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის ე. წ. ხელისუფლება რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ დარჩენილ პროდუქტებზე ახლო მომავალში ფასებიც გაიზარდოს. რეგიონში შექმნილ ვითარებას და აფთიაქებისთვის ქართულ წარწერიანი მედიკამენტების ჩამორთმევის ფაქტების შესახებ ქართული მხარე დიდი ხანია საუბრობს.

დღის ამბები