სამტრედიაში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი ჯერ არ წარდგენია. მის ინტერესებს იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი პავლე კაკაბაძე იცავს.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯერ არ შეხვედრია და ამიტომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
"მე, როგორც საზოგადოებრივ ადვოკატს, დამევალა, ინტერესების დაცვა ბრალდებულისა, რომელიც დღეის მდგომარეობით არის დაკავებული. ამ ეტაპზე საქმის მასალებთან წვდომა არ მქონია, მეტიც, არ შევხვედრივარ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ეს წუთია ავიღე ორდერი, რომ შევხვდე მას. ამის შემდეგ შემეძლება დეტალური ინფორმაცია მასთან შეთანხმებით მოგაწოდოთ. ამ დროისთვის არ მაქვს ინფორაცია აღიარებს თუ არა ბრალს, რადგან არ შევხვედრივარ.
საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ქმედება სავალდებულო დაცვას ექვემდებარება და ყველა საპროცესო მოქმედება ადვოკატის თანდასწრებით უნდა განხორციელდეს. კანონმდებლობით, 48 საათში პირს უნდა წარედგინოს ბრალი და საქმე გადაეცეს სასამართლოს დროებით აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით. საერთო ვადა პირის დაკავებისა არ უნდა აღემატებოდეს 71 საათს. აღნიშნული ქმედება ჩადენილია სამტრედიაში, ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია, რომელი სასამართლოს განსჯადი იქნება,"- განაცხადა ადვოკატმა პავლე კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, დანაშაული სამოქალაქო რეესტრის მოქალაქეთა მისაღებში გუშინ მოხდა. ბრალდებული, რომელმაც ცოლი ცივი იარაღით მოკლა, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. მას 13-დან 17-წლამდე პატიმრობა ემუქრება.