25 აპრილი 2024,   16:36
ვრცლად
"ეს არის საგანგაშო ვითარება" - აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს სახალხო დამცველი აკვირდება

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს სახალხო დამცველი აკვირდება. ნინო ლომჯარია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომას ესწრება.

როგორც სხდომაზე შესვლის წინ სახალხო დამცველმა განაცხადა, კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ დაგეგმილი ცვლილებები შესაძლოა მიზნად ისახავდეს სარედაქციო მაუწყებლობის ცვლილებებს.

"ის პროცესები, რაც ვითარდება, აშკარად აჩენს კითხვებს, რომ რეალურად დაგეგმილი ცვლილებები მიზნად ისახავს არა უბრალოდ შიდა ორგანიზაციულ ცვლილებებს, რომელიც მხოლოდ ადმინისტრაციული ხასიათის შეიძლება იყოს, არამედ კრიტიკული მაუწყებლობის და სარედაქციო მაუწყებლობის ცვლილებებს. მე ვფიქრობ, ეს არის საგანგაშო ვითარება, მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც ზოგადად, ქვეყანაში გვაქვს გარკვეული კითხვის ნიშნები, იმასთან დაკავშირებით, რომ არის მცდელობა დამოუკიდებელი ტელევიზიების სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომა ხმაურით დაიწყო. მრჩეველთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, სადაც დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი საშტატო განრიგის ცვლილებაა, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ალტერნატიული პროფკავშირების წარმომადგენელს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს.

თანამშრომლები დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე ექმნება. საუბარია ოთხი სამსახურის უფროსების მოადგილეების შტატის გაუქმებაზე, მათ შორის ცვლილებები ეხება საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეს, მაია მერკვილაძეს.   

 

დღის ამბები