08 აპრილი 2020,   19:02
ვრცლად
მესამე სექტორის შეფასებით, აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელის საშტატო ერთეულის შემცირებას უარყოფითად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ მიმდინარე პროცესები, საბოოლოდ, ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად, რაც მედიაგარემოზე ქვეყანაში უარყოფითად აისახება.

"ყველა რეკომენდაცია, რჩევა თუ მოთხოვნა უგულებელყო მენეჯმენტმა, მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ცვლილებს, რაც ძალიან სამწუხაროა. შეიძლება ითქვას, რომ ტრაგიკულიც კი არის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, იმიტომ რომ, ვფიქრობ მალე ახალი ამბები აღარ იქნება ისეთი კრიტიკული, როგორიც ამ დრომდე იყო, რაც ძალიან დააზარალებს მედიაგარემოს - როგორც რეგიონში, ასევე მთელ ქვეყანაში,"- აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული კოორდინატორი, მალხაზ ჭკადუა.

"ვფიქრობთ, საკითხი უარყოფითად აისახება საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაზე. აქამდეც ვამბობდით, რომ ეს პროცესები მიმართული იყო იქითკენ, რომ მომხდარიყო სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა, რაც ჟურნალისტების დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნიდა,"-აღნიშნა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორმა, მარიამ გოგოსაშვილმა.

დღეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ახალი საშტატო განრიგი დაამტკიცა და შტატების შემცირების საკითხს მხარი დაუჭირა. 

ცვლილება შეეხო ახალი ამბების სარედაქციო მიმართულებას, უფროსის მოადგილეს მაია მერკვილაძეს, შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს - ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები