25 აპრილი 2024,   17:46
ვრცლად
გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მცხეთის საავადმყოფოდან გლდანის ციხეში გადაიყვანეს

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მცხეთის საავადმყოფოდან გლდანის ციხეში გადაიყვანეს. მერაბ კობიაშვილი თავადაც დაჭრილია და ის 4 დღის განმავლობაში კლინიკაში მკურნალობდა.

მერაბ კობიაშვილის მეუღლის, ნატა ქიტესაშვილის თქმით, დაპირისპირება ტურისტების გამო დაიწყო, რომელთაც კობიაშვილი გამოესარჩლა. მისივე ინფორმაციით, ვიზიტორებს ბარში ზედმეტი თანხა გადაახდევინეს, რასაც დაკავებულის პროტესტი მოჰყვა.

"ჭრილობა აქვს მარცხენა ხელზე, თავისივე იარაღით მიყენებული და, სავარაუდოდ, ვფიქრობ, იარაღის წართმევის დროს აქვს, რომ არ ანებებდა იარაღს. ალბათ, რომ მოეხერხებინათ იარაღის წართმევა, მომიკლავდნენ მეუღლეს. ერთ-ერთი ვერსია არის ტურისტების ამბავი. ის ტურისტებს გამოექომაგა, ასე ვთქვათ, მხარი დაუჭირა. მეგობრისთვის უთქვამს, შევედი ბარში და დავინახე, ქალი ეგდო ძირს და კიოდა, აბა რა უნდა გამეკეთებინა სხვაო. ამათ ჰქონიათ ის პოზიცია, რომ თქვენ ჩვენიანი ხართ, ქართველი ხართ და ჩვენ რატომ არ დაგვიდექი მხარშიო,"- განაცხადა ნატა ქიტესაშვილმა.

მერაბ კობიაშვილის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აუცილებელი მოგერიების პირობებში იმყოფებოდა.

"ვაპირებთ, გამოვკითხოთ ძალიან ბევრი მოწმე, მათ შორის გუდაურში. კიდევ უფრო მეტად გავარკვიოთ ის რეალობა, რაც ამ საქმეს თან ახლავს, რომ მერაბ კობიაშვილი აბსოლუტურად არავის დასხმია თავს, იგი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების პირობებში. სწორედ მანქანასთანაც დახვდნენ და იქ მიმდინარეობდა უკვე ფიზიკური გასწორების მესამე ეტაპი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ადამიანს აქვს უფლება, ხუთი თავდამსხმელი მოიგერიოს ნებისმიერი ძალით, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე,"- განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა 16 თებერვალს მოხდა. დაპირისპირების დროს, 22 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.

დღის ამბები