19 აპრილი 2024,   23:58
ვრცლად
"თუ ინვესტორი ვანერვიულეთ და არასტაბილურობის განცდა გვექნება, ეს დაგვარტყამს შემდეგ წლებში" - მაჭავარიანს პარლამენტში მოუსმინეს

პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში მისულმა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მოხსენება დაასრულა და საკანონმდებლო ორგანო უკომენტაროდ დატოვა.

დეპუტატების კითხვები ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა აზარტული თამაშების შესახებ კანონის გამკაცრება და სახელმწიფოს ფინანსური სტრატეგია შიდა თუ გარე პოლიტიკური დაძაბულობის პირობებში. 

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან გოგიჩაიშვილი დაინტერესდა, აპირებს თუ არა სახელმწიფო აზარტული თამაშების შესახებ კანონის გამკაცრებას მაშინ, როდესაც, მისი თქმით, ფულის გათეთრების ყველაზე მოსახერხებელი საშუალება სწორედ ონლაინკაზინოებია

ფინანსთა მინისტრმა დეპუტატს უპასუხა, რომ ფულის გათეთრების რისკების ასარიდებლად სამინისტრომ ახალი კანონპროექტი შეიმუშავა.

"შემიძლია გამოვყო არაერთი მნიშვნელოვანი, ახალი ინიციატივა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით შემოდის. კერძოდ: მოთამაშათა რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის ახალი სისტემა, თამაშზე დამოკიდებულ პირთა სია, თანხების იდენტიფიცირებული არხებით მოძრაობის ვალდებულება და სხვა არაერთი რეგულაცია, რომელიც ფულის გათეთრების რისკებს ამცირებს,"- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ლადო კახაზე დაინტერესდა, რამდენად არის გააზრებული ის რისკები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს შიდა თუ გარე პოლიტიკური დაძაბულობის გამო შეიძლება დაემუქროს. 

"საქართველოს ბიუჯეტს 2020 წელს საფრთხე არ ემუქრება,"- ასეთი იყო ამ კითხვაზე ივანე მაჭავარიანის პასუხი, თუმცა, მინისტრმა იქვე აღნიშნა, რომ მომავალში შიდა დაძაბულობამ ეკონომიკაზე გარკვეული უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს.

"გასულ წელს, შიდა დაძაბულობისა თუ საგარეო შოკების, მათ შორის, რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აკრძალვის მიუხედავად, ჩვენმა ეკონომიკამ მნიშვნელოვანი მდგრადობა აჩვენა. არ არსებობს, საქართველოს ბიუჯეტს 2020 წელს საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, საქართველოს ეკონომიკას ეს პოლიტიკური არასტაბილურობა, საშუალოვადიან პერსპექტივაში უქმნის საფრთხეს. თუ ჩვენ ინვესტორი ვანერვიულეთ და არასტაბილურობის განცდა გვექნება, ეს დაგვარტყამს შემდეგ წლებში,"- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები