19 აპრილი 2024,   09:08
ვრცლად
ივანიშვილის რეჟიმის დასრულებისთვის იბრძვის ყველა, ამ ბრძოლას ვანოს პოტენციალი გამოადგება - ზურაბ მელიქიშვილი 

ვისთან ერთად და რა ფორმატში იმუშავებს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი - ამ თემაზე პოლიტიკურ პარტიებში კონკრეტულს არაფერს ამბობენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თავად ვანო მერაბიშვილის გადასაწყვეტია, თუ ვისთან ერთად გააგრძელებს ის პოლიტიკურ საქმიანობას და რომელ პარტიასთან ერთად განაგრძობს ბრძოლას.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზურაბ მელიქიშვილი ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილის პოტენციალი მნიშვნელოვანი იქნება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

"ვანო მერაბიშვილი დღეს არის თავისუფალი. მან გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აპირებს აქტიურ საზოგადოებრივ, პოლიტიკურ საქმიანობას და რომ მისი პოტენციალი მოხმარებული და მიმართული იქნება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულებისკენ. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულებისთვის იბრძვის ნაციონალური მოძრაობა, იბრძვის სხვა ბევრი პარტია და ჩვენ ვართ ერთიან კოორდინაციაში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას ვანოს პოტენციალი გამოადგება,“ - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილმა თავად უნდა გააჟღეროს მისი პოლიტიკური გეგმების შესახებ.

"მე როგორც ვიცი, მან თქვა, რომ დაბრუნდა პოლიტიკაში, ამიტომ, მე არ ვწყვეტ, ამას ვანო წყვეტს. ამდენი წელი რომ იჯდა, მაშინ არ ვსპეკულირებდი და ახლა ადამიანი გამოვიდა და თვითონ უნდა თქვას, რას და როგორ აპირებს. მე მის ნაცვლად, ან რაიმე სახის პოლიტიკურ სპეკულაციას არ გავაკეთებ არც ერთ შემთხვევაში,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ "ძალა ერთობაშია" სწორედ ამ პრინციპის მიხედვით, ვანო მერაბიშვილთან შეხვედრისთვის მზაობას გამოთქვამს.

"ჩვენ გვჭირდება ეროვნული თანხმობა და ყველა ადამიანი, ვისაც ამ ეროვნულ თანხმობაში, ქვეყნის განვითარებაში შეუძლია წვლილის შეტანა, ყველას უნდა მიეცეს ეს შესაძლებლობა. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ გზას, ნამდვილად არ ვიცი, რა გადაწყვეტილებები აქვს მას. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მისი დაკავების დღიდან, მე მასთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. თუ ის ისურვებს შეხვედრას, მე მზად ვარ. ყველას ვხვდები მე აბსოლუტურად და საერთოდ, ვფიქრობ, რომ ძალა ერთობაშია,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

 

დღის ამბები