დამოუკიდებელი დეპუტატების მოთხოვნას, ანტიკორუფციული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, პოლიტიკოსები აფასებენ.
"მდგომარეობა კორუფციის თვალსაზრისით ივანიშვილის მმართველობის პირობებში არსებითად გაუარესდა, ეს ბუნებრივია, რადგან მისი საჯარო სლოგანი იყო იმის თქმა, რომ თურმე ჩვენი ბუნებაა ჩაწყობა და ახლობლების დაწინაურება, ეს ძალიან მანკიერი საბჭოთა ჭაობის დამახასიათებელი ღირებულებების დემონსტრირება იყო მისი მხრიდან, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ჩვენ ვხედავთ კორუფციის ზრდას," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიგა ბოკერიამ.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" თვამჯდომარე რომან გოცირიძე აღნიშნავს, ანტიკორუფციული კომისია შეიქმნება მხოლოდ მომავალი ხელისუფლების პირობებში და არა ახლა.
"პარლამენტი არ არის აღმასრულებელი ორგანო და ბუნებრივია, რომ იქ ანტიკორუფციული კომისიის შექმნა სასაცილოა. პარლამენტის ხარისხი ნულის დონეზეა. ანტიკორუფციული სამსახური კი აუცილებლად შეიქმნება მომავალი ხელისუფლების დროს - სუს-ის ბაზაზე და არა ახლა. სუს-ი აღარ იქნება პოლიტიკური ჟანდარმი," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.
დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქციამ პარლამენტს ინიციატივით უკვე მიმართა. დეპუტატები ქვეყანაში კორუფციის მაღალ მაჩვენებელზე საუბრობენ და არ ენდობიან შესაბამის ანტიკორუფციულ სტრუქტურებს. ფრაქციის წევრები დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის აუცილებლობაზეც საუბრობენ.