20 აპრილი 2024,   11:50
ვრცლად
მოსახლეობის 35%-ის კეთილდღეობა ჯერაც უფრო დაბალია, ვიდრე 1989 წელს იყო - კამათი სოციალური პოლიტიკის შესახებ პარლამენტში 

"მინისტრის საათის" ფარგლებში პარლამენტში მისული ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის მოხსენების დასრულების შემდეგ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა სოციალურ პოლიტიკაზე ისაუბრა.

ნაცვლიშვილმა ფინანსთა მინისტრს ჰკითხა, რას ფიქრობდა იმასთან დაკავშირებით, რამდენად სამართლიანი იყო სოციალური პოლიტიკა ქვეყანაში. 

"დღეს, მინდა გითხრათ, რომ არის სოციალური სამართლიანობის საერთაშორისო დღე. რამდენად შეგვიძლია ჩვენ ეს თარიღი ვიზეიმოთ, როდესაც ვართ უთანასწორობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქვეყანა?!

საშემოსავლო და ზოგადად დიფერნციაციის შედეგად მოსახლეობის 35%-ის კეთილდღეობა ჯერაც უფრო დაბალია, ვიდრე 1989 წელს იყო.

მე რომ თქვენ ერთხელ გკითხეთ, თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ყველაზე სწორ ეკონომიკის და ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ატარებთ-მეთქი და თქვენ მითხარით, კი, დარწმუნებული ვარ, ამას ალტერნატივა არ აქვსო. დარწმუნებული ხართ კიდევ თქვენს კითხვებში?!"- მიმართა დეპუტატმა მინისტრს.

დეპუტატის განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და აღნიშნა, რომ სოციალური უთანასწორობის პრობლემა სხვა, უფრო განვითრებული ქვეყნების წინაშეც მწვავედ დგას. 

"სოციალური თანასწორობის დღეს, რომელიც გაეროს ეგიდით აღინიშნება, მსოფლიოს 2/3, როგორც მინიმუმ, მათ შორის ჩვენზე ბევრად ძლიერი ეკონომიკის ქვეყნები საზეიმო ვითარებაში ნამდვილად არ ხვდებიან.  მთავარია არა ნიშნის მოგებით საუბარი, არამედ კონკრეტული წინადადებები და ინიციატივები,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბექა ნაცვლიშვილმა პასუხად პარლამენტში მის მიერ წარდგენილი ის ინიციატივები გაიხსენა, რომელიც, მისი თქმით, ქვეყანაში სოციალურ უთანასწორეობის პრობლემას გარკვეულწილად აღმოფხვრიდა.

"საწყენია, ჩემ მიმართ ამის თქმა, რადგან საპენსიო რეფორმის შემოთავაზება მქონდა, რომელიც ბევრად უფრო გააუმჯობესებდა დაბალშემოსავლიანი ადამიანების მდგომარეობას; საბინაო პოლიტიკის შემოთავაზება მქონდა, რომელიც უსახლკარობას აღმოფხვრიდა ქვეყანაში და ცოტა არ გეუხერხულებათ, გულწრფელად გეკითხებით?! მარტივად გეტყვით რა უნდა გაკეთდეს - სანამ ჩვენ, როგორც სოციალური ორიენტირი გვექნება ის საარჩევნო მინიმუმი, რომელიც დადგენილი გვაქვს, მანამდე ჩვენ სოციალურ პოლიტიკას ვერ გამოვასწორებთ,"- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები