20 აპრილი 2024,   17:49
ვრცლად
ГРУ-ს მასშტაბური კიბერშეტევა საქართველოს წინააღმდეგ - საერთაშორისო პარტნიორების მხარდამჭერი განცხადებები

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ კიბერშეტევას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის შემდეგ ამერიკის თავდაცვის უწყებაშიც ეხმაურებიან. პენტაგონის წარმომადგენელი ვიცე-პოლკოვნიკი გლისონი "ამერიკის ხმასთან" კომენტარში საქართველოს მხარდაჭერის პირობას დებს და რუსეთს საერთაშორისო წესრიგის დარღვევაში ადანაშაულებს.

"შეერთებული შტატების პოზიცია მკაფიო რჩება: ჩვენ დავიცავთ ჩვენი პარტნიორების და მოკავშირეების ძირითად ინტერესებს და რუსეთის ფედერაციას პასუხისმგებლობას დავაკისრებთ დესტაბილიზაციის გამომწვევი ამ საქმიანობისთვის, ჩვენ საქართველოს და მისი ხალხის მხარდაჭერის პირობას ვდებთ და გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას რათა მან საკუთარი უსაფრთხოება გააძლიეროს," - წერია განცხადებაში.

ბრალდებებს უარყოფს ოფიციალური მოსკოვი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კიბერთავდასხმაში მოსკოვის მონაწილეობის მტკიცებულება არ არსებობს და მსგავსი შინაარსის შეფასებები პოლიტიკურად მოტივირებულია.

"სახეზეა დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებული აშკარა დადგმული ინფორმაციის გავრცელება. საქართველოს ელექტრონულ ქსელებზე განხორციელებულ დამაზიანებელ აქტივობებში რუსეთის ოფიციალური სტრუქტურების მონაწილეობის მტკიცებულება არ არსებობს და არ შეიძლება არსებობდეს. ყურადღებას იქცევს ვაშინგტონის, ლონდონის, თბილისისა და სხვების მიერ მოწყობილი პროპაგანდისტული სინქრონიზებული აქცია. სამწუხაროა, რომ საქართველოში არ სურთ უარი თქვან რუსეთის დემონიზირების ხაზზე და გასული წლის კრიზისიდან გაკვეთილი ისწავლონ. ყველაფერი ეს დამატებით ჩრდილს აყენებს ისედაც რთულ ორმხრივ ურთიერთობებს. კვლავ დარწმუნებულები ვართ, რომ არსებული უთანხმოების გადალახვა და ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელება რუსი და ქართველი ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებს პასუხობს," - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარალელურად, იზრდება იმ ქვეყნებისა და უწყებების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს მასშტაბური კიბერშეტევიდან გამომდინარე სოლიდარობას უცხადებენ.

რუსეთის კიბერ აქტივობებს სუამის ქვეყნები, ისლანდიის, მონტენეგროსა და რუმინეთის საგარეო უწყებები გმობენ. სახელმწიფოები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას.

დღის ამბები