ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე შეიარაღებული თავდასხმისას გატაცებული საქართველოს ოთხი მოქალაქის გასათავისუფლებლად ყველაფერი კეთდება - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.
ტანკერზე შეიარაღებული თავდასხმა აფრიკაში, ქალაქ ლაგოსთან ახლოს მოხდა. სულ გატაცებულია ათი მეზღვაური, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც. ოფიციალური პირები, გატაცებულების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათ ვინაობას და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ.
"ჩვენ აქტიურ კონტაქტზე ვართ, როგორც გემთმფლობელთან, ასევე ოჯახის წევრებთან. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურ კომუნიკაციაში არიან გემთმფლობელთან. ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ვიყენებთ, როგორც აქამდე გვაქვს გამოყენებული მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით და ყველა შემთხვევა არის დადებითად დასრულებული,"-განაცხადა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ხელისუფლება ყველა ზომას იღებს თავისი მოქალაქეების გასათავისუფლებლად და ამაში პარტნიორი ქვეყნებიც არიან ჩართული:
"გვაქვს ინფორმაცია, ყველა ჩვენი პარტნიორი არის ჩართული, საბერძნეთში ჩვენი გენერალური საკონსულო და საკონსულო მუშაობენ ამ თემაზე. ყველა ზომას ვიღებთ, მათ შორის გემთმფლობელებთანაც კავშირზე ვართ,"- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.