24 აპრილი 2024,   03:26
ვრცლად
რუსეთი შესაძლოა ჩაერიოს 2020 წლის არჩევნების პერიოდში - ექსპერტები საქართველოს წინააღმდეგ მორიგ კიბერიერიშს პროგნოზირებენ

უსაფრთხოების მიმართულებით ქართველი ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ წინასაარჩევნოდ რუსეთმა საქართველოზე მორიგი კიბერიერიში მიიტანოს. ანალიტიკოსები ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ და ამავე დროს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. აქცენტი კეთდება კიბერუსაფრთხოების სფეროში კადრების დეფიციტზეც.

ექსპერტები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ იმ ფაქტს, რომ კიბერშეტევისას თბილისი მოსკოვის პირისპირ მარტო არ არის და მას გვერდით საერთაშორისო პარტნიორები ჰყავს.

"რუსეთი აგრძელებს ჰიბრიდული ტიპის ომს საქართველოს წინააღმდეგ. ჰიბრიდული ომი, როგორც საფრთხედ არის მიჩნეული საქართველოს სტრატეგიული დოკუმენტების მიხედვით. ხელისუფლებისთვის ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი გზავნილი იმ ფონზე, როდესაც 2020-ის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სხვადასხვა უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურები უკვე აკეთებენ პროგნოზს, რომ რუსეთმა შესაძლოა მოახდინოს ჩარევა საქართველოს არჩევნების პერიოდში შიდა საქმეებში და ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ჩვენი პარტნიორების დახმარება," – განაცხადა ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდიამ.

ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში და საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ საოკუპაციო ვითარებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ რუსეთის კიბერჯარების სამიზნე სწორედ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების საინფორმაციო სისტემებია.

"2013 წლიდან დაიწყო რუსეთში და 2017-ში დაასრულეს ფაქტობრივად კიბერჯარების ჩამოყალიბება. იმ რეალობაში, რა ურთიერთობებიც ჩვენ გაგვაჩნია დღეს რუსეთთან, ეს ოკუპაცია ყველა თავისი საფრთხეების გამოვლინებით, რა თქმა უნდა, საქართველო, მისი სახელმწიფო სტრუქტურების საინფორმაციო სისტემები არის ერთ-ერთი სამიზნე ამ ჯარების," - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

დღის ამბები