მიხეილ კალანდიას საქმეზე სასამართლო დასკვნით ეტაპზეა - დღეს მოსამართლემ შესაძლოა განაჩენი გამოაცხადოს. თუმცა მანამდე, სასამართლო სხდომაზე დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე წარსდგება.
"ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის ძალიან საინტერესოა და ნამდვილად მინდა მოვისმინო მათი პოზიცია იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც სასამართლო პროცესებზე იყო გაჟღერებული. მით უფრო, რომ მათი პოზიციაა თურმე მიხეილ კალანდია უნდა გათავისუფლდეს დღეს პატიმრობიდან. ამ პროცესებთან დაკავშირებით, მე ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები მაქვს და ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ მიხეილ კალანდია უნდა გათავისუფლდეს," - აღნიშნა დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ.
სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, მიხეილ კალანდიას ადვოკატი აცხადებს, რომ თუ პროცესში პოლიტიკა ჩაერევა, კვლავ ბნელეთში დავრჩებით.
"მოსამართლემ მხოლოდ და მხოლოდ გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს, ხოლო თუ პოლიტიკური ჩარევა იქნება ასეთ შემთხვევაში კვლავ ბნელეთში დარჩენა მოგვიწევს. პროკურატურას კლასიკური გაგებით არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რომლითაც მიხეილ კალანდიას ბრალეული ქმედება დასტურდება. ეს მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთის შესრულებისკენ მიმართული სიტყვა იყო და მეტი არაფერი," - განაცხადა მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ.
საქმის პროკურორის განცხადებით, დღეს დაცვის მხარე პროცესზე თვის ვერსიებს იტყვის.
"დღევანდელ პროცესზე ველოდებით დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას, ის თავის ვერსიებს წამროადგენს მომხდართან დაკავშირებით. ჩვენს მიერ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა მოიპოვება," - აღნიშნა პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდიას, დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობაში ადანაშაულებენ. ის 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს.