კრემლის კიდევ ერთი კიბერშეტევის პროვოკაცია მოულოდნელი არ ყოფილა ოპოზიციისთვის, რომელიც ამ შემთხვევაშიც ხელისუფლებას ადანაშაულებს.
ოპოზიცია გამოძიების შედეგებით კმაყოფილია, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არა საქართველოს ხელისუფლების, არამედ პარტნიორების დამსახურებაა.
ოპოზიციური ლიდერები უსაფრთხეებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ შესაძლოა საარჩევნო წლის განმავლობაში სწორედ კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით და ამ მოტივით ხელისუფლებამ კონტროლი სუს-ის საშუალებით გააძლიეროს.
ხელისუფლების მცდელობა იქნება, რომ გააკონტროლოს მოქალაქეები და პირადი ინფორმაცია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის უფრო მარტივად მოიპოვოს - ასეთია ოპოზიციური ლიდერების შეფასება. ისინი ამბობენ, რომ აუცილებელია ამ კუთხით პროცესებს პარტნიორებმა ყურადღება მიაქციონ.
"საარჩევნო წელია, მნიშვნელოვანი წელია და რუსეთს ექნება საკუთარი ბოროტი ზრახვები საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში და ზოგადად საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევის. ინსტიტუციურად რა თქმა უნდა ეს არ უნდა იქნეს გამოყენებული უსაფრთხოების სამსახურების გასაძლიერებლად მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების პირად ინფორმაციაზე წვდომის მიზნით, არამედ ამას სჭირდება სწორი ინსტიტუციური მიდგომა. არ არის საჭირო უსაფრთხოების სამსახურისთვის კიბერ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის გადაკისრება, შესაძლებელია ეს დარჩეს იუსტიციის სამინისტროში, როგორც ეს დღეს არის, უბრალოდ უნდა ვსაუბრობდეთ ტექნიკური საშუალებების გაძლიერებაზე," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი ირაკლი აბესაძე.
დანარჩენი პოლიტიკური ლიდერები ამბობენ, რომ რუსეთი არის საქართველოს მთავარი მტერი და ჩვენს ქვეყანას არა მხოლოდ ჩვენს მიწაზე მავთულხლართებით ებრძვის, არამედ ვირტუალურ სივრცეში კიბერთავდასხმების საშუალებითაც.
"კიბერშეტევის მთავარი შინაარსი იყო ის, რომ შეემოწმებინათ საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურების მდგომარეობა უსაფრთხოების კუთხით და აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად დაუცველია და გაანადგურეს ფაქტობრივად ერთ საათში, გაარღვიეს ნებისმიერი ზღუდე და კიდევ ერთხელ აჩვენეს თუ როგორი მძიმე მდგომარეობაა კიბერ უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში და ერთის მხრივ ეს იყო დაცინვაც და დამამცირებელი აქციაც," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.
პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" მდივანი გედევან ფოფხაძე ერთადერთი იყო, რომელმაც განაცხადა, რომ უჭირს იმის დაჯერება, რომ რუსეთს საქართველოს მიმართ კიბერთავდასხმის განსახორციელებლად გარკვეული პოლიტიკური მოტივები აქვს. მან თქვა, რომ ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.
"ზოგადად რატომ უნდა უნდოდეს რუსეთს კიბერთავდასხმები მოუწყოს სახელმწიფოს, რომელსაც არაფერი სახელმწიფო ნიშნები აღარ აქვს შენახული და საერთოდ არანაირი ინსტიტუციონალური სიმყარე არა აქვს, მე ამას ვერ გეტყვით. ძალიან ძნელია ჩემთვის ვარაუდის დონეზეც იმისი გაფიქრება, თუ რა უნდა რუსეთს საქართველოსგან. საქართველო თავის თავს იმდენ ცუდ უკეთებს, რომ სხვისგან კიდევ რაიმე დამატებითი ცუდის გაკეთება ძნელად წარმოსადგენია. კიბერთავდასხმები საქართველოსთან მიმართებაში, მემგონი არანაირი პოლიტიკური ამოცანა რუსეთს ამ მხრივ არ უნდა ჰქონდეს," - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.
კიბერშეტევის უკან, რომელიც 15 000-ს ქართულ საიტზე მოხდა, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო, გუშინ ოფიციალურად დაადანაშაულეს.
28 ოქტომბერს განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევისას პარალიზებული იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდები.