19 აპრილი 2024,   21:59
ვრცლად
გიორგი გაჩეჩილაძემ ვანო მერაბიშვილი საბჭოთა კავშირის დროინდელ სერიულ მკვლელს, ჩიკატილოს შეადარა

არის თუ არა ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარი - ამ საკითხზე ოპოზციის აზრი ცალსახად ერთნაირია, ისინი ვანო მერაბიშვილს ისევე, როგორც გიგი უგულავას, პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებენ. 

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ იქნება ის, აუცილებლად პასუხს აგებს არსებული კანონმდებლობით.

"ბოკერიას სტანდარტია, ოღონდ იყო "ნაციონალური მოძრაობის წევრი", რაც არ უნდა ჩაიდინო ცხოვრებაში, აუცილებლად პოლიტპატიმარი იქნები, არავინ არ უნდა დაგიჭიროს და გაგასამართლოს. მათთვის სამწუხაროდ, ეს ხედვა საქართველოს კანონმდებლობას არ ემთხვევა და ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩაიდენს დანაშაულს, პასუხს აგებს იმ კანონმდებლობით, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა. 

წყალწაღებულები ხავსს ეჭიდებიან, მაგრამ ესეც გაივლის - ასე შეაფასა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კობა კობალაძემ ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების შემდეგ გაკეთებული განცხადებები. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - მწვანეების" თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძემ ვანო მერაბიშვილი საბჭოთა კავშირის დროინდელ სერიულ მკვლელს, ჩიკატილოს, შეადარა.

"თურმე ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი ყოფილა, მინდა გაგახსენოთ საბჭოთა კავშირის დროს იყო ერთი სერიული მკვლელი, რომელიც მერე დააპატიმრეს, მან 56 ადამიანი მოკლა, ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში, მისი ოპერაციების დროს 70-ზე მეტი ადამიანი მოკლეს ქუჩაში, მინდა ბოკერიას ვკითხო, ჩიკატილო რომ ყოფილიყო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ისიც პოლიტპატიმარი იქნებოდა?" - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - მწვანეების" თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძემ.

დღის ამბები