20 აპრილი 2024,   00:13
ვრცლად
რომელ პარტიაში ხედავს საკუთარ თავს ვანო მერაბიშვილი -  წინასწარი შეფასებებისგან თავს იკავებენ  

ამ დრომდე უცნობი რჩება, რომელ პარტიაში ხედავს საკუთარ თავს ყოფილი სახელისუფლებო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვანო მერაბიშვილი. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ასევე "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები წინასწარი შეფასებებისგან თავს იკავებენ და ამბობენ, რომ  ვანო მერაბიშვილი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს, რის შესახებაც თავად გააჟღერებს.

"შეფასებას ვანო მერაბიშვილის მომავალთან დაკავშირებით, პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით, რომელზეც მან გამოთქვა უკვე მზადყოფნა და განსაკუთრებით პარტიულად სად აპირებს ყოფნას, ჩვენ ამ ეტაპზე არ ვაკეთებთ, გამომდინარე იქიდან, რომ მან თვითონ ითხოვა ასე, თვითონ აპირებს ასე, რომ ჩამოყალიბდეს და შემდეგ გააკეთოს თავისი განცხადება. ამიტომ, ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი პოზიციის დაფიქსირებას, გამომდინარე იქიდან, რომ არ გვინდა რომ ადამიანი, 6 წელი და 9 თვე ციხეში იყო, ახლა რაიმე წნეხის ქვეშ აღმოჩნდეს,“ - განაცხადა ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრმა, სერგი კაპანაძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, რომ როგორი ფორმით და სად გააგრძელებს ვანო მერაბიშვილი საქმიანობას, ამას თავად გადაწყვეტს. 

"ვანო მერაბიშვილმა გააკეთა აბსოლუტურად ამომწურავი განცხადება. მან თქვა, რომ მას არ აქვს ჯერ გადაწყვეტილი თუ რა ფორმით იქნება მისი პოლიტიკური საქმიანობა, რომელი პარტიის მიმართულებით, მაგრამ ასევე თქვა, რომ ის არ დარჩება უსაქმური და უამრავი საქმეა გასაკეთებელი. როგორი ფორმით მოახდენს საკუთარი გამოცდილების რეალიზებას, ამას გვაჩვენებს დრო,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პოლიტიკური მოძრაობის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ ვანო მერაბიშვილის მიერ გუშინ მედიასთან გაკეთებული განცხადება , კერძოდ კი მის მიერ გამოყენებული სიტყვა "დამხობა" დაიწუნა.

"სიტყვა დამხობა ამოღებული უნდა იქნეს ლექსიკონიდან. ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს მხოლოდ არჩევნების გზით. რაც შეეხება თანამშრომლობას, ადამიანს აქვს თავისი პოლიტიკური პარტია, აპირებს თავის პარტიელებთან საუბარს, ლელო აქ არაფერ შუაში არ არის,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები