25 აპრილი 2024,   17:16
ვრცლად
4 აპრილის აქცია და მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატები - ლეიბორისტების ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

ოპოზიციური პარტიების ლიდერები, რომლებმაც იმ არგუმენტით, რომ საქართველოში პოლიტიკური რეპრესიები გრძელდება, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომაზე უარი თქვეს, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. პროტესტის გარდა, საუბრის ძირითადი თემა საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთიანი სტრატეგიის შემუშავება იქნება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიციის უახლოესი გეგმა თბილისში წარსადგენ მაჟორიტარებთან დაკავშირებით საერთო შეთანხმების მიღწევაა. 

"გავიგეთ და ყველამ დავინახეთ როგორია ხელისუფლების მიერ წარმოებული დიალოგი, ეს არის, ძირითადად, დაპატიმრებები და პოლიტიკური ნადირობა პოლიტიკურ ლიდერებზე. იმ შეთავაზებაზე ჩვენ დიდი ხნის წინ ვთქვით უარი, რასაც ჰქვია 100/50-ზე. გასაგებია ბიძინა ივანიშვილის გეგმა, მისი ამოცანაა ოპოზიციაში შეიტანოს გარკვეული დისონანსი. უახლოესი გეგმაა თბილისზე შეთანხმება, რაც ძალიან მალე მოხდება და შემდეგ გადავალთ რეგიონებზე, რომ მაქსიმალურად ყველგან, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში წარმოდგენილი იყვნენ ოპოზიციის კანდიდატები,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" წევრის, კოტე კემულარიას განცხადებით, ხელისუფლების გეგმა ინდივიდუალურად დაეწყო ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებები, ჩაფლავდა. 

"ჩვენ გვაქვს დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, მზადება არჩევნებისთვის. 4 აპრილის დიდი აქციისთვის, ყველაზე მთავარი საკითხი, რომელზეც, ჩემი აზრით, დღეს ვიმსჯელებთ, იქნება მაჟორიტარების კანდიდატურების მზადება.

შეიძლება ითქვას, რომ ინდივიდუალური მოლაპარაკების თემა ჩაფლავდა იმიტომ, რომ "გირჩმა" გააკეთა განცხადება, რომ ეს იყო უბრალოდ დარეკვა, სადაც მათ დააყენეს პოლიტპატიმრების საკითხი, ეს არ ყოფილა ოფიციალური მოლაპარაკება,"-განაცხადა კოტე კემულარიამ.

"ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ოპოზიციურ პარტიებთან ხელისუფლების შეხვედრა არაფერს შეცვლის, რადგან მათ საარჩევნო სისტემის ფორმასთან დაკავშირებით კონსესუსი უკვე მიღწეული აქვთ და ეს პროპორციული არჩევნებია. 

"თუ ინდივიდუალურად ვიღაცების გადაბირება ამორალურ ქმედებებზე შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას, ამას ინდივიდუალურად ლაპარაკით იზამს, ტელეფონით დაურეკავს თშეტყობინებას მისწერს, მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ, მგონი, სხვა რამ გვაერთიანებს აქ. ჩვენ გვაერთიანებს ის, რომ ვიცით რა გვინდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომ პროპორციული ან მასთან მიახლოებული არჩევნები გვინდა, ეს ვიცით. აქედან გამომდინარე, მე არ მაქვს წარმოდგენა, რომ ინდივიდუალურად ვინმეს რომ შეხვდებიან, ეს რამეს შეცვლის,"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იმავე აზრზეა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავაც. მისი თქმით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას აზრი რომ ჰქონდეს, ამას ოპოზიცია დიდი ხნით ადრე დაიწყებდა.

დღის ამბები