20 აპრილი 2024,   06:48
ვრცლად
"იმას, რაც იდლიბში ხდება, შეგვიძლია ომი ვუწოდოთ" - ლტოლვილთა ახალი ტალღა ცდილობს, თავშესაფარი თურქეთისგან მიიღოს

ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ასწავლის სირიელი მამა შვილს, რომ ბომბის ყოველი აფეთქების დროს გაიცინოს, იდლიბის პროვინციაშია გადაღებული. აბდულა მუჰამედმა რუსული და სირიული ავიაციისგან თავისი მცირეწლოვანი შვილის დაცვა უჩვეულო გზით გადაწყვიტა და სასტიკი ომი თამაშის ნაწილად აქცია. სირიელი მამა ცდილობს თავისი 3 წლის სალვას დაბომბვის შიში სიცილით დააძლევინოს.

"ძალიან ბევრი დაბომბვაა. ბავშვები იტანჯებიან ფსიქოლოგიური პრობლემისა და ნერვული შეტევებისგან. მოვძებნე გამოსავალი, როგორ მექცია დაბომბვის ხმები სიხარულის წყაროდ და არა შიშის გამომწვევად ბავშვებისთვის, ვასწავლი, რომ დაბომბვის ხმები სინამდვილეში თამაშის ნაწილია და ყოველი ასეთი ხმის გაგონებაზე უნდა გავიცინოთ," - ამბობს აბდულა მუჰამედი.

მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედი ასადის არმიისგან თავის დაღწევას მოქალაქეები სხვადასხვა გზით ცდილობენ. კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მილიონამდე ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა. ლტოლვილთა ახალი ტალღა ცდილობს თავშესაფარი თურქეთისგან მიიღოს.

"იძულებულები გავხდით იდლიბი დაგვეტოვებინა, რათა თავი გადაგვერჩინა. სად უნდა წავიდეთ? ალბათ თურქეთში. იმედია შეგვიშვებენ და უსაფრთხო ზონაში ვიცხოვრებთ” - აცხადებს ლტოლვილი იასერ აბუ აჰმადი.

ომისა და კონფლიქტისაგან გაქცეული ადამიანების ინტერესებს არ ითვალისწინებს რუსეთი. პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხედრო ოპერაციას სირიაში ტერორიზმთან ბრძოლით ხსნის და ამბობს, რომ ამ საფრთხის გასანეიტრალებლად ეფექტური ზომების მიღებაა საჭირო. კრემლის ლიდერის მოსაზრებას მისივე სპიკერი დიმიტრი პესკოვი აჟღერებს :

"სირიელი სამხედროები, რომლებიც იდლიბში იმყოფებიან, ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლას აწარმოებენ. ეს ტერორისტული დაჯგუფებები, რომლებიც სირიის არმიის წინააღმდეგ აგრესიულ მოქმედებებს ახორციელებენ, უნდა განეიტრალდნენ."

რუსეთ-სირიის ალიანსს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს თურქეთი. ანკარა კონფლიქტში უკვე ღიადაა ჩართული. თურქ და სირიელ სამხედროებს შორის შეტაკებებია, ხოლო დანაკარგებს ორივე მხარე განიცდის. ამ ფონზე ერდოღანი პუტინთან მოლაპარაკებას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით ამაოდ. თურქეთის პირველმა პირმა გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებს იდლიბის რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისის დასასრულებლად რეალური მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრის შედეგი ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს განსაზღვრავს. სირიის საკითხზე ჩვენი პოზიცია უცვლელი დარჩება, ვიდრე იქ ასადის რეჟიმის მხრიდან ძალადობა გრძელდება. იმას, რაც იდლიბში ხდება, შეიძლება ომი ეწოდოს. მილიონი ადამიანი ჩვენი საზღვებისკენ დაიძრა. რა ვუყო მათ,” - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.

სირიის სამოქალაქო ომში რუსეთი და თურქეთი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს ასადის რეჟიმს უჭერს, ანკარა კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა ოპოზიციის მიერ კონტროლირებად იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, რომლის აღებასაც ასადის ჯარი რუსეთის დახმარებით რამდენიმე თვეა ცდილობს. 

დღის ამბები