24 აპრილი 2024,   08:05
ვრცლად
მიხეილ კალანდიამ 9-თვიანი დუმილი დაარღვია - ბრალდებულმა ხორავას ქუჩაზე მომხდარის დეტალებზე საჯაროდ პირველად ისაუბრა 

მიხეილ კალანდიამ 9-თვიანი დუმილი დაარღვია. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის დაკავებულმა ხორავას ქუჩაზე მომხდარის დეტალებზე საჯაროდ დღეს პირველად ისაუბრა. 20 წუთიან მონოლოგში ბრალდებულმა საკუთარ უდანაშაულობაზე გაამახვილა ყურადღება, მოსამართლეს კი რამდენჯერმე შეახსენა, რომ მისი მომავალი სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. დაკავებულმა დასკვნით სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვა გარდაცვლილების ოჯახების სამძიმრით დაიწყო.

5 საათის განმავლობაში ცდილობდა დაცვის მხარე სახელმწიფო ბრალდების გაბათილებას. ამ დროის განმავლობაში მიხეილ კალანდიას ადვოკატები დაკავებულის უდანაშაულობაზე საუბრობდნენ. დაცვის მხარის მტკიცებით, საქმის მსვლელობის პროცესში წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალის დასამტკიცებლად არასაკმარისია.

ის, რაც დაცვის მხარისთვის არასაკმარისია, დანაშაულის დამტკიცების საფუძველია პროკურატურისთვის.

მოსამართლის მხრიდან გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების მოლოდინი არ აქვთ კალანდიების ოჯახის წევრებს. ისინი დავის გაგრძელებას ჯერ საქართველოს ყველა შესაბამის ინსტანციაში, შემდგომ კი სტრასბურგში გეგმავენ.

საქალაქო სასამართლომ 8 თვიანი საქმის განხილვა დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის მოსმენით დაასრულა. დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე ნიკოლოზ მარსაღიშვილი 25 თებერვალს გამოაცხადებს. 

დღის ამბები