25 აპრილი 2024,   15:51
ვრცლად
26 ქვეყანაში გავრცელებული კორონავირუსი, 2400-მდე გარდაცვლილი და 78 ათასი ინფიცირებული - მსოფლიო ეპიდაფეთქების ზღვარზე

ხმაური და დაპირისპირება უკრაინაში - ქალაქ ნოვიე სანჟარიში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ჩინეთიდან ევაკუირებულებს დაესხა თავს. აქციაზე შეკრებილები აცხადებდნენ, რომ ჩინეთიდან უკრაინელების ევაკუაცია, ქალაქში კორონავირუსის გავრცელებას გამოიწვევდა. დემონსტრანტებმა ავტობუსებს ქვები დაუშინეს, საბურავები დაწვეს და ბარიკადები აღმართეს.

ოფიციალური კიევის ცნობით, ევაკუირებულებს "კოვიდ 19"-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვთ, თუმცა სავალდებულო 2-კვირიან კარანტინს მაინც გაივლიან. ჩინეთიდან ევაკუირებულებს სოლიდარობა გამოუცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში მათთან ერთად იზოლაციაში დარჩება. მომხდარს გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტიც. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს ევროპული ღირებულებები შეახსენა და აქციის ორგანიზატორების დასჯის პირობა დადო.

"მუდმივად ვამბობთ, რომ ევროპა ვართ, რომ უკრაინა ევროპაა. ზოგიერთ მომენტში შთაბეჭდილება რჩება, რომ ჩვენ შუა საუკუნეების ეპოქის ევროპა ვართ. არ დავივიწყოთ, რომ ჩვენ ადამიანები ვართ. ჩვენ ბრბო ვართ თუ ერთიანი ხალხი? ჩვენ ჯოგი ვართ თუ ერი? გამოცდები ჩვენ არაერთხელ წარმატებით ჩავაბარეთ. კორონავირუსთან და ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებასთან დაკავშირებული ისტორია საზოგადოებისთვის მორიგი გამოცდაა," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მძიმე ვითარებაა ირანშიც. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კორონავირუსი სავარაუდოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გავრცელებული. თუმცა, ეპიცენტრი ქალაქი ყუმია. უწყება ყუმში მცხოვრებლებს მოუწოდებს, რელიგიურ ღონისძიებებზე დასწრებისგან თავი შეიკავონ. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ახალმა ვირუსმა 5 ირანელი უკვე იმსხვერპლა.


"არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თავდაპირველად კორონავირუსი ყუმის ქალაქში დაფიქსირდა, ახლა კი მრავალ ქალაქშია გავრცელებული, მათ შორის: თეირანში, ბაბოლში, არაკში, ისპაანსა და სხვა ქალაქებში," - აცხადებს ირანის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.

კორონავირუსის გამო, ერაყი ირანთან საზღვარს კეტავს, შეზღუდვებს აწესებენ ლიბანი და თურქეთიც. ამ ფონზე კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 112-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 2360 ადამიანი. მათ შორის კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა იტალიაში. გარდა ამისა, დღეს იტალიის ორ რეგიონში დაავადება ერთდროულად 16 ადამიანს დაუდგინდა.

მთელ მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა 78 ათასს აღწევს. ამ სტატისტიკური მონაცემებზე დაყრდნობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში საგანგაშო გაცხადებას აკეთებენ.

"შეშფოთებულები ვართ ახალი შემთხვევების რაოდენობით, რომლებსაც ეპიდემიის ეპიცენტრთან კავშირი არ აქვთ, ვგულისხმობ მოგზაურობის ისტორიას ან კონტაქტს დაავადებულთან. მსოფლიო ჯერ კიდევ იმ ფაზაშია, როდესაც დაავადების გავრცელების შეკავება შესაძლებელია, თუმცა შესაძლებლობის ფანჯარა სულ უფრო ვიწროვდება. თუ საერთაშორისო საზოგადოება სწრაფ მობილიზებას ვერ შეძლებს, დაავადება ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება გავრცელდეს," - აღნიშნავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს ადჰანონ გებრეიესუსი.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამორიცხული არაა ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლო პროცესი შეწყდეს. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი სამედიცინო დაწესებულებებს დამატებით საჭირო აღჭურვილობით ამარაგებს. შტატებში კორონავირუსით 34 ადამიანია დაინფიცირებული, აქედან 21 უხანიდან და იაპონიაში შეჩერებული საკრუიზო ხომალდიდან ევაკუირებული ამერიკელია.

"ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ ვირუსის გავრცელებას ამერიკის დასახლებებში, თუმცა შესაძლებელია და სავარაუდოც კი, რომ ეს საბოლოოდ მოხდეს. ჩვენი მიზანია ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შენელება. ეს გვაძლევს ჩვენ მეტ დროს, რათა მოვემზადოთ უფრო მძიმე სცენარისთვის," - აცხადებს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენელი ნენსი მესონიე.

ეპიდაფეთქების შემდეგ იაპონიამ რეაგენტის შექმნაზე მუშაობა დაიწყო, რომლითაც კორონავირუსის დადგენას 1 საათზე ნაკლები დრო დასჭირდება, მაშინ როდესაც ახლა არსებული ანალიზებისთვის ექვსი საათია საჭირო. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს კოვიდ-19-ის ვაქცინის შექმნაზეც, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.

დღის ამბები