19 აპრილი 2024,   23:01
ვრცლად
ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის მცდელობისთვის ბათუმში ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ ბათუმში წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული კ.ჟ. დააკავა. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობაში ედება. დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ჩართული იყო ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, კ.ჟ. ბათუმში, სხვადასხვა ადგილზე, სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდა ნარკოტიკულ საშუალებებს და აღნიშნული სამალავების მისამართებს დისტანციურად ატყობინებდა პირს, ვინც შემდეგ ამ ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა.

უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედებების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა ბათუმში, დაკავებულის მიერ მითითებული სამალავებიდან, 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", ასევე, "სუბოქსინის" 9 აბი და ნატეხები ნივთმტკიცებად ამოიღო. პირადი ჩხრეკისას კი  ამოღებულია 1 შეკვრად დაფასოებული "ჰეროინი".

"კ. ჟ.-ის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია: ნარკოტიკული საშუალება "მეტადონის" შემცველი 21 აბი, 6 შეკვრა "ჰეროინის" შემცველი ნარკოტიკი, "სუბოქსინის" 17 აბი და ნატეხები, ერთჯერადი საინექციო შპრიცი "ჰეროინის" შემცველი ხსნარით და ელექტროსასწორი, მის ზედაპირზე არსებული "ჰეროინის" შემცველი ფხვნილით," - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 19-260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დღის ამბები