19 აპრილი 2024,   18:00
ვრცლად
მსოფლიო უფრო კონსოლიდირებული გახდა რუსეთის მსგავსი ქმედებებისა და აგრესიის წინააღმდეგ - სოზარ სუბარი კიბერშეტევაზე

4 თვის წინ, საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა, ეს იმ გამოძიებით დადასტურდა, რომელიც პარტნიორებთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებამ ჩაატარა.

რუსეთის ქმედებები დაგმო და საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა მსოფლიო თანამეგობრობამ. ლიდერებმა რუსეთს მოუწოდეს შეწყვიტოს ჰაკერული თავდასხმები.

რუსული კიბერშეტევის სამიზნე გასული წლის 28 ოქტომბერს მინიმუმ 15 ათასი ქართული ვებგვერდი და სხვადასხვა მედია ორგანიზაცია აღმოჩნდა.

მომხდარი ფაქტი დღესაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

"რუსეთს მთელმა მსოფლიომ მისცა გაფრთხილება, რომ აღარ ჩაიდინოს მსგავსი ქმედებები, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამას კიდევ არ იზამენ ან არ ჩაერევიან არჩევნებში - ბრიტანეთში, თუ შეერთებულ შტატებში, მაგრამ მსოფლიო სულ უფრო და უფრო კონსოლიდირებული გახდა რუსეთის მსგავსი ქმედებებისა და აგრესიის წინააღმდეგ. რატომ აკეთებს ამას, ლოგიკა არ დევს ისევე, როგორც რუსეთის სხვა ქმედებებში," - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარი. 

ქართველი პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი ქმედება კვლავ გაიმეოროს რუსეთმა. 

"შესაძლებლობა და პერსპექტივა იმისა, რომ ეს კვლავ იყოს განხორციელებული ალბათ არსებობს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მსგავსი შესაძლებლობები შეიზღუდოს. გარდა ამისა, ჩვენი და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ყველა ასეთი მოქმედების წინააღმდეგ," - აღნიშნავს, პარლამენტის ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსისა და სოციალ-დემოკრატების" წევრი, გია ჟორჟოლიანი. 

დღის ამბები