23 აპრილი 2024,   22:50
ვრცლად
წამებით მოკლული გმირის არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა - დამნაშავეები ისევ დაუსჯელები არიან

არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან ორი წლის შემდეგ დამნაშავეები კვლავ დაუსჯელები არიან. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სამართალდამცავი ორგანოს მაღალჩინოსნები ოკუპირებულ რეგიონს არ ტოვებენ. დავით გურწიევი და ალეკ ტაბოევი "ინტერპოლის" ძებნილთა სიაში არიან, მათ საქართველოს პროკურატურამ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. პარალელურად ევროსასამართლოს წარმოებაში აქვს მიღებული სარჩელი "არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ". ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა შევიწროებისა და მკვლელობის გამო სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი აქვს შეტანილი საქართველოს სახელმწიფოსაც.

მკვლელობაში დამნაშავეები "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" სათავეში არიან, თუმცა მათზე კონკრეტული სანქციები ვერ წესდება, რაშიც თავად სიის შემუშავების ინიციატორები ხელისუფლებას ადანაშაულებენ, მთავრობის წარმომადგენლები კი მკვლელების დასჯის პერსპექტივას საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერაში ხედავენ.

ოჯახს მწუხარება კიდევ ერთხელ გამოუცხადეს დღეს მთავრობის მაღალჩინოსნებმა. მათი ნაწილი წილკანში, ტატუნაშვილების ოჯახში იმყოფებოდა, ნაწილი კი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

არჩილ ტატუნაშვილი ოკუპანტებმა 2018 წელს, 22 თებერვალს ახალგორიდან გაიტაცეს, მისი გარდაცვალების ინფორმაცია კი მეორე დღეს გახდა ცნობილი. 35 წლის ნაწამები ჯარისკაცის ცხედარი ქართულ მხარეს მხოლოდ 26 დღის შემდეგ გადმოსცეს. ექსპერტიზის თანახმად ცხედარს 100-მდე დაზიანება ჰქონდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებამ სიკვდილის მიზეზად გულის უკმარისობა დაასახელა, რაც მოგვიანებით რუსეთის ექსპერტიზამაც დაადასტურა. ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

დღის ამბები