18 აპრილი 2024,   21:00
ვრცლად
ევროკავშირი ახალი კრიზისის ზღვარზე - Brexit-ის შემდეგ ევროპელი ლიდერები ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირი ახალი კრიზისის ზღვარზე. ორდღიანი სამიტი ბრიუსელში უშედეგოდ დასრულდა და ევროკავშირის ლიდერებმა შვიდწლიან ბიუჯეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. სამიტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით შედგა. ევროკავშირის ლიდერები ორგანიზაციის გრძელვადიან ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდნენ. "ბრექსითის" შემდეგ ევროკავშირს 75 მილიარდი ევრო მოაკლდა და ორგანიზაციაში დარჩენილ 27 ქვეყანას სწორედ დარჩენილი თანხის განკარგვის შესახებ უნდა მიეღო გადაწყვეტილება, თუმცა ბრიუსელში გამართული შეხვედრა კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მორიგი შეხვედრა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ წლის ბოლოსთვის გარიგება ვერ მოხდება, 2021 წლიდან ბლოკს პროექტების უმრავლესობის შეჩერება მოუწევს.

"ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ შეთანხმების მისაღწევად. სამწუხაროდ, ეს ამ ეტაპზე შეუძლებელია. დრო გვჭირდება," - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

მუშაობის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს გერმანიის კანცლერი:

"არ ვისაუბრებ დეტალებზე, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ შესათანხმებლად განსხვავებები ზედმეტად დიდია. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევწყვიტეთ მოლაპარაკებები. წარმატებას ვერ მივაღწიეთ, მუშაობა უნდა გავაგრძელოთ," - განაცხადა ანგელა მერკელმა.

კონსენსუსის მიღწევის იმედი აქვს საფრანგეთის პრეზიდენტს.

ვცდილობთ გამოწვევები დავძლიოთ და წინ წავიწიოთ რათა კონსენსუსი შედგეს. ფრანკო-გერმანული დუეტი ამ თემაზე მუშაობს, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

მუშაობის გაგრძელება, რომ აუცილებელია, ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის ლიდერი თანხმდება, მაგრამ ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ რა გზით შეავსონ ბიუჯეტში Brexit-ის შედეგად გამოწვეული ფინანსური დანაკარგი. კონსენსუსის მიღწევამდე ბრიუსელს წინ ერთწლიანი ვადა აქვს. საერთაშორისო ურთიერთობების ქართველი სპეციალისტები ამბობენ, რომ გრძელვადიანი ბიუჯეტის შეთანხმება ლიდერებისთვის რთული ამოცანაა და იმ კონკრეტულ მიზეზებზე საუბრობენ, რის გამოც მხარეებმა 2021-2027 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი არ დაამტკიცეს. მათი თქმით, ბრიტანეთის ეკონომიკა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანია და მისი ორგანიზაციიდან გასვლა, ამცირებს ევროკავშირის შესაძლებლობებს, რომ შეინარჩუნოს საკუთარი პროექტების იგივე დაფინანსება.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ბიუჯეტის პროექტი ჩავარდა დანიის, ავსტრიის, შვედეთისა და ნიდერლანდების განსხვავებული პოზიციებია.

ანალიტიკოსები ამბობენ იმასაც, რომ ევროკავშირის ბიუჯეტი მომდევნო 7 წლის განმავლობაში არ შემცირდება. პირიქით, სამეზობლო პოლიტიკისთვის გამოყოფილი თანხები 2014-2020 წლების ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია, რაც შესაძლოა საქართველოზე დადებითად აისახოს.

წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ევროკავშირის ბიუჯეტმა მომდევნო 7 წლის განმავლობაში 1.13 ტრილიონი ევრო უნდა შეადგინოს. საკითხზე მსჯელობა მომავალშიც გაგრძელდება. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება ევროკავშირის ლიდერების მორიგი შეხვედრა.

დღის ამბები