თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ირანის 4 მოქალაქე მოათავსეს. მათ თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისას სავალდებულო შემოწმების დროს მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდათ.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ პაციენტებს ამ ეტაპზე ტემპერატურის მატება აღენიშნებათ და გამოკვლევები უტარდებათ.
"მოიყვანეს 4 პაციენტი, ახალ კორონავირუსით ინფექციაზე საეჭვო შემთხვევით. ესენი არიან ირანის მოქალაქეები, თეირანი-თბილისის რეისით ჩამოვიდნენ. ოთხივეს აეროპორტში გეგმიური შემოწმებით აღენიშნებოდა ტემპერატურის მატება, სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ მაქვს, ოთხივე მათგანი მოიყვანეს ჩვენთან,"- განმარტა თენგიზ ცერცვაძემ.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, პაციენტებს ლუგარის ლაბორატორია შეამოწმებს და ტესტის პასუხები დღის ბოლოს იქნება.
"მათ გამოერიცხათ "ა" და "ბ" ტიპის ვირუსი. ველოდებით ლუგარის ლაბორატორიას, რომლებიც აიღებენ ტესტს ამ ახალ კორონავირუსზე და დღის ბოლოს გვეცოდინება ტესტის პასუხები," - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.