20 აპრილი 2024,   08:02
ვრცლად
ტურისტებს შეკვეთას არავინ აძალებდა - რას აცხადებენ "სქაი კლუბში," სადაც ტურისტებს ერთ ბოთლ შამპანურში 3500 ლარი გადაახდევინეს

რას აცხადებენ "სქაი კლუბში," სადაც ტურისტებს 3500 ლარი ერთ ბოთლ ალკოჰოლურ სასმელში გადაახდევინეს - "სქაი კლუბის" მენეჯერი, მას შემდეგ, რაც ტურისტებთან მომხდარი შელაპარაკების შემდეგ, ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა, "კურიერთან" პირველ სატელეფონო კომენტარს აკეთებს.

"კურიერთან" საუბრისას "სქაი კლუბის" მთავარი მენეჯერი საბინა უარყოფს ინფორმაციას, რომ ტურისტებს ანგარიში არასწორად მიუტანეს. მისივე თქმით, პერსონალსა და ტურისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება არ მომხდარა.

რაც შეეხება ფასებს, მენეჯერის განცხადებით, "სქაი კლუბი" არის სტრიპტიზკლუბი და იქ ერთი შამპანურის ფასი, რომელიც მაღაზიაში 15 ლარი ღირს, 3 400 ლარამდეა. მთავარი მენეჯერის თქმითვე, ამის შესახებ ინფორმაცია ტურისტებს უნდა ჰქონოდათ.

"ეს არის სტრიპტიზკლუბი. არავინ არ აძალებდა მაგათ შეკვეთას. თვითონ შეუკვეთეს. გოგოებთან ერთად დალიეს, დრო გაატარეს," - აცხადებს "სქაი კლუბის" მთავარი მენეჯერი.

პარალელურად "კურიერთან" ადგილობრივები ყვებიან, რომ დაწესებულებასთან ინციდენტები ხშირად ხდება.

"ვერ წარმოუდგენიათ, რომ ამხელა თანხა აქვთ გადასახდელი და მერე ხდება რაღაც სასწაული. მერე პოლიცია მოდის, ანეიტრალებს ამ სიტუაციას და რჩება ეს ტურისტი ნაცემი. აღძრული რომ ჰქონოდათ საქმე, მსგავსი ფაქტი ვეღარ მოხდებოდა. მფარველობს ვიღაც როგორც ჩანს. რაღაცა ხდება ისეთი, რომ პრობლემა არ აქვთ," - აცხადებს "სქაი კლუბის" მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქე. 

დღის ამბები