25 აპრილი 2024,   06:17
ვრცლად
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის 11 სარეალიზაციო ობიექტი დააჯარიმა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიზე ( მ.წინამძღვრიშვილის ქ. #133) ხორცის 13 სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 ობიექტი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის, ხორცის შენახვისა და რეალიზაციის არასათანადო პირობების გამო დაჯარიმდა, აქედან 4 ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

გარდა ამისა, სეს-ის ცნობით, ბიზნესოპერატორებმა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესახებ  რეკომენდაციებიც მიიღეს.

"მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ისეთი მაღალი რისკის სურსათის შემოწმება, როგორც ხორცია. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ყოველდღიურად ახორციელებენ კონტროლს და მონიტორინგს, განსაკუთრებით აგრარული ბაზრების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის მოხვედრის რისკი მაღალია. უნდა აღინიშნოს, რომ აქტიური კონტროლის და ინფორმირებულობის გაზრდის შედეგად, წინა წლებთან შედარებით, ვითარება გაუმჯობესებულია," - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები.

დღის ამბები