24 აპრილი 2024,   17:33
ვრცლად
"არ დამიწყოთ, სააკაშვილი ქსენოფობია და ათასგვარი სისულელეები. მთავრობამ უნდა დაკეტოს ირანიდან ავიამიმოსვლა" - ექსპრეზიდენტი კორონავირუსზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ირანთან ავიამიმოსვლის შეჩერებას და ირანის მოქალაქეების შემოსვლის აკრძალვას მოითხოვს.

"მალე მოდის სპარსული ახალი წელი, ნოვრუზი და ტრადიციისამებრ მინიმუმ 40-50 ათასი ირანელი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას. ამ ახალი ვირუსის სწრაფ გავრცელებასთან დაკავშირებით ირანში, ამის დაშვება კატეგორიულად გამორიცხულია. მთავრობამ უნდა დაკეტოს ირანიდან ავიამიმოსვლა და ირანის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დიდი ეპიდემიის ასაცილებლად! თუ მეთანხმებით, გაავრცელეთ!," - წერს სააკაშვილი.

გარდა ამისა სააკაშვილი სოციალურ ქსელში  ვიდეომიმართვას ავრცელებს.

"ახლა არ დამიწყოთ, სააკაშვილი ქსენოფობია და ათასგვარი სისულელეები იმიტომ, რომ ეს ეხება თითოეულ ჩვენგანს. თბილისში ჩემი შვილი ცხოვრობს, საქართველოში თქვენი შვილები ცხოვრობენ, თქვენ ცხოვრობთ. კორონავირუსი, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია, პრაქტიკულად საქართველოს კარებსაა მომდგარი იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად გავრცელდა ირანში. ჩვენ ირანთან აქტიური ავიამიმოსვლა გვაქვს. ირანის უამრავი მოქალაქე საქართველოში ჩამოდის, ჩვენებიც ხშირად დადიან ირანში, ამიტომ, რაც ახლა ამ ვაი მთავრობას უნდა მოვთხოვოთ, ეს არის ირანთან ავიამიმოსვლის დაუყოვნებლივ შეჩერება, ირანის მოქალაქეების შემოსვლის დროებით აკრძალვა საქართველოში.

რაც შეეხება სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, თუ ისინი ირანიდან შემოდიან, საქარველოში არ უნდა შემოვუშვათ. ასე იქცევა ამერიკა, ასე იქცევა ჩვენთვის ბოლომდე არმოსაწონებელი რუსეთი, მაგრამ თავისთვის სწორად იქცევა. ასე იქცევა აზიის ბევრი ქვეყანა და ჩვენ ვითომ რა წითელი კოჭი ვართ, რატომ უნდა მოვიქცეთ სხვანაირად?! გავაკეთოთ ის, რაც სწორია და რაც გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს," - აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

დღის ამბები