24 აპრილი 2024,   06:24
ვრცლად
საკადრო ცვლილებები აჭარის ტელევიზიაში - ვახო ხუზმიაშვილი დირექტორის მოადგილის საქმიანობას ხვალიდან შეუდგება

პროტესტის ფონზე განხორციელებული საკადრო ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში - თანამშრომლები ახალ ხელმძღვანელს ელოდებიან. ხვალიდან მუშაობას ოფიციალურად შეუდგება აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილე ვახო ხუზმიაშვილი, რომელიც პოსტზე სამი კანდიდატიდან აირჩიეს.

ამას წინ უძღოდა მრჩეველთა საბჭოს ხმაურიანი სხდომა და დაპირისპირება, მაუწყებლის ხელმძღვანელობასა და ტელევიზიის თანამშრომლებს შორის.

ვახო ხუზმიაშვილი არ აპირებს ჩაერიოს ჟურნალისტების საქმიანობაში, მისი თქმით მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება, რომელიც აუცილებელია საქართველოში ყველას ჰქონდეს.

"ჩემი დიდი სურვილია, რომ სიტუაცია დასტაბილურდეს. არ შეიძლება, ჟურნალისტები ამ რეჟიმში მუშაობდნენ. მიმაჩნია, რომ დირექტორის მოადგილის საქმე არ არის შინაარსობრივ მხარეში ჩარევა, ვთვლი, რომ თუ რაიმე გადაცდომა იყო, ამაზე მოკვლევა უნდა ჩატარდეს,"- განაცხადა ხუზმიაშვილმა.

საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე მაია მერკვილაძე კი აღნიშნავს, რომ დღესაც გაურკვეველ მდგომარეობაშია და არ იცის, გააგრძელებს თუ არა იგივე ადგილზე მუშაობას.

"ამ ხნის განმავლობაში შემოთავაზება არ ყოფილა, დირექტორმა თქვა, რომ ეს იქნებოდა ორშაბათი და ორშაბათიც დადგა, ვარ სამსახურში და ვარ გაურკვეველ სიტუაციაში - გავაგრძელებ თუ არა მუშაობას ამ ადგილზე, ისიც არ ვიცი. ეს არის პრინციპული საკითხი, რომლის უკანაც დგას უამრავი ადამიანი და ეს ადამიანები შეიძლება მსგავს სიტუაციაში კიდევ აღმოჩნდნენ. იმედი მაქვს, რომ დირექტორი ამ ამბავს არ გააგრძელებს და ჩემთან შეჯერდება ეს ამაბავი,"- განაცხადა მაია მერკვილაძემ.

აჭარის ტელევიზიასთან არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქცია გამართეს და პროტესტის ნიშნად, პირზე შავი ლენტები აიკრეს. მათი თქმით, სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება, ივანიშვილი ცდილობს, "მედია შავ-თეთრ სამყაროში დატოვოს".

დღის ბოლომდე გადაწყვეტს აჭარის ტელევიზიის დირექცია იმ 6 თანამშრომელს პასუხს, რომლებიც ელოდებიან პასუხს, დარჩებიან თუ არა სამსახურში. თუ შეთავაზებით უკმაყოფილო დარჩებიან, შესაძლოა, სასამართლოსაც კი მიმართონ.

დღის ამბები