24 აპრილი 2024,   20:39
ვრცლად
კორონავირუსის შემთხვევების 82% მსუბუქად მიმდინარეობს, სიკვდილიანობა ბევრად დაბალია, ვიდრე სხვა ინფექციებისას - გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე მედიას სთხოვს, კორონავირუსს არ უწოდონ "სასიკვდილო ვირუსი“. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ეპიდემიების გავრცელების პერიოდში საზოგადოებასთან კომუნიკაციას და ინფორმაციის სწორად მიწოდებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

"დიახ, სამწუხაროდ ამ ვირუსით უკვე გარდაიცვალა 2500-მდე ადამიანი მსოფლიოში და სიკვდილიანობის პროცენტი ჩინეთში 2.3 პროცენტია. სხვა ქვეყნებში, ჩინეთს გარეთ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ აღემატება 0.6 %-ს. რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ ჩვენ სიკვდილიანობის მაჩვენებლით სხვადასხვა ინფექციას ვადარებთ ერთმანეთს. ახალი კორონავირუსის შედეგად სიკვდილიანობა ბევრად დაბალია, ვიდრე ეს იყო SARS-ის დროს - მაშინ მაჩვენებელი 9-10 % იყო; ბევრად დაბალია, ვიდრე MERS-ის დროს, როდესაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი 35% იყო.

დღეისთვის გაანალიზებულია ჩინეთში დაფიქსირებული 72 000 შემთხვევა, მათგან 82% მიმდინარეობს მსუბუქად, ანუ ადამიანები ჯანმრთელდებიან. მწვავე შემთხვევები გვაქვს 14%-ში, რომელიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას. დაახლოებით 5 %-ში გვაქვს კრიტიკული შემთხვევები, რომელიც საჭიროებს რეანიმაციულ დახმარებას და სამწუხაროდ, 2 % გახლავთ სიკვდილიანობა,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემთხვევათა უმრავლესობა მთავრდება სრული გამოჯანმრთელებით.

ამავე თემაზე
დღის ამბები