25 აპრილი 2024,   14:54
ვრცლად
ფინანსთა მინისტრის მიერ რეგლამენტის დარღვევას მმართველ გუნდში აღიარებენ

მმართველ გუნდში აღიარებენ, რომ ფინანსთა მინისტრმა დღეს რეგლამენტი დაარღვია. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, რეგლამენტი უნდა გადაიხედოს იმისთვის, რომ მინისტრების დაბარება როგორც მინისტრის საათის ფორმატში, ასევე საკომიტეტო მოსმენებზე უფრო ეფექტური გახდეს.

"პროცედურულად, სუფთა რეგლამენტის შესაბამისად, პროცედურების თანახმად შეიძლება ვერ შესრულდა კომიტეტის ეს მოთხოვნა მინისტრის მოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა მეორეს მხრივ, ჩვენ აუცილებლად უნდა დავნერგოთ გარკვეული პრაქტიკა, შესაძლებელია რეგლამენტის გადახედვაც მოხდეს იმ ჩანაწერებთან დაკავშირებით, როდესაც მინისტრი სასესიო ფორმატში, მინისტრის საათის ფორმატში გასცემს პასუხებს კითხვებს და ამის მერე ერთ, ორ ან სამ დღეში ხდება კიდევ კომიტეტზე ხელახლა მისი მოწვევა და დაბარება, ერთგვარ უხერხულობას ქმნის, ეს ხომ ეფექტური უნდა იყოს," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, ფინანსთა მინისტრის მსგავს ქმედებას პროვოცირება დეპუტატებმა გაუკეთეს. რომან კაკულია ამბობს, რომ ვანო მაჭავარიანის მხრიდან რეგლამენტის უგულებელყოფას ის მხარს ვერ დაუჭერს.

"პროვოცირება დეპუტატებმაც გაუკეთეს ამას, სესიაზე არავითარი აქტიურობა არ ჰქონდათ, მას ჰქონდა ნათქვამი, რომ მე სესიაზე გავაკეთებ ყველანაირ კომენტარს და თუ დარჩება რაიმე დამატებითი შეკითხვები, კი ბატონო მოვალ კომიტეტზეც. რეგლამენტის უგულებელყოფას მე მხარს ნამდვილად ვერ დავუჭერ, ამიტომ მე გავყვები რეგლამენტს. გადაწყვიტა, რომ მისთვის ალბათ ის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა, ის დამოკიდებულება ამ დეპუტატების მიმართ სესიაზე," - აცხადებს რომან კაკულია.

დღის ამბები