10 აპრილი 2020,   13:24
ვრცლად
გუდაურის ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერის მტკიცებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადგილობრივი მას ფიზიკურად გაუსწორდა

გუდაურში რესტორანში "მთვრალი ალუბალი" დაპირისპირება მოხდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი რესტორნის ტერიტორიაზე მოხვედრას ცდილობდა, თუმცა დაცვამ ის რესტორნის ტერიტორიაზე მენეჯერის გადაწყვეტილებით არ შეუშვა.

რესტორნის მენეჯერი აცხადებს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს იშვიათად უშვებენ ობიექტზე, რადგან ისინი  რესტორნის სტუმრებს და ტურისტებს დისკომფორტს უქმნიან.

ღამით მომხდარ დაპირისპირებაზე სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა.

ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში იმყოფებოდა ობიექტის მენეჯერი, რომელიც ამტკიცებს, რომ სცემეს.

მირანდა ესაკიას მტკიცებით, მამაკაცი მის მიმართ აგრესიული იყო და ხელით შეეხო.

"არეულობის შემდეგ რაც გუდაურში ხდება, ანუ სრული განუკითხაობაა. არ ვუშვებთ ნასვამ ადამიანებს, რადგან დიდ პრობლემებს უქმნიან ტურისტებს. მთვრალ მდგომარეობაში ერთ-ერთი ადგილობრივი მოვიდა, რომელსაც ნახევარი საათის განმავლობაში ჩვენი დაცვის თანამშრომელი უხსნიდა, რომ ვერ შეუშვებდა ტერიტორიაზე. ის ძალიან აგრესიული იყო. არც პოლიციის ეშინიათ და არც არაფრის. გადმოვიდა შეტევაზე, დაარტყა დაცვას. გავიყვანე და დავამშვიდე, მაგრამ ისევ მობრუნდა და უკვე ჩემს მიმართ ჰქონდა აგრესია, ნამდვილად არ მეგონა, რომ ქალზეც ხელს აწევდა. სულ ვწერ ამაზე. პოლიციას შევხვდი, გუბერნატორსაც და მოვუყევი, როგორი ცუდი სიტუაციაა გუდაურში,"- განაცხადა მირანდა ესაკიამ.

მირანდა ესაკია ექსპერტიზაზე იმყოფება, ამ დროისთვის უცნობია, დაკავებულია თუ არა  პირი, რომელსაც რესტორნის მენეჯერი ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.  

დღის ამბები