20 აპრილი 2024,   12:57
ვრცლად
სასმელი წყლის პრობლემა თელავში - ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

თელავის მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. დღეს კი 10-მდე ადგილობრივი, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად თელავის მერიასთან შეიკრიბა და პრობლემა გააპროტესტა.

მოსახლეობის თქმით, დაპირების მიუხედავად, სასმელი წყალი არ მიეწოდებათ და ყოველდღიურად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ ავზების ასავსებად. ოპოზიცია იზიარებს მოსახლეობის მოთხოვნებს და ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

"რამდენიმე მილიონი შეიჭამა 2012 წლის მერე. არ არსებობს ერთი ადამიანიც კი ამ შენობაში, მერი, გამგებელი, ამ უსაქმური გუბერნატორით, რომელიც აქ ზის, რომელმაც 24 საათიანი წყლის მომარაგება არ შეჰპირდა თელავს, მაგრამ, რომელმაც არ მოატყუა. ესენი არიან მავნებლები, კორუმპირებულები და სწორედ მათი ჩაფლულობა კორუფციაში იწვევს იმ პრობლემას, რომელი პრობლემაც ახლა არის თელავში, წყლის მომარაგება," – აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი.

ბრალდებებს პასუხობენ გაერთიანებულ წყალმომარაგებაში და აცხადებენ, რომ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის თქმით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება 31 იანვარს გაფორმდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში კომპანიას ეს დრო მობილიზაციისთვის ესაჭიროებოდა.

"სამუშაოები მართალია დღეს დაიწყო, მაგრამ ხელშეკრულება გაფორმებულია 31 იანვარს და მთელი ამ ხნის განმავლობაში ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ეს დრო სჭირდებოდა მობილიზაციისთვის. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 3 დამატებითი ჭაბურღილის მოწყობა, რომელიც გასდის წყლის შემოდინებას ჩვენს რეზერვუარებში და სათავე ნაგებობაზე. ასევე, დაგეგმილი არის ხარჯმზომების მრიცხველების დამონტაჟება მოსახლეობასთან, რომელიც თავის მხრივ შეამცირებს ხარჯს მოსახლეობაში, შესაბამისად,  ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ წყალმომარაგების გრაფიკი," - განაცხადა გიგა მანდარიამ.

დღის ამბები