16 აპრილი 2024,   12:21
ვრცლად
კორონავირუსის საფრთხის გამო მილანში ცარიელია სუპერმარკეტები, მეტრო, უნდათ მილანი იზოლირებული იყოს - იტალიაში მცხოვრები ქართველი

"კურიერი" იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დაუკავშირდა, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე საუბრობენ.

გარდა ამისა, მათ "კურიერს" მიაწოდეს მასალა, სადაც ჩანს მაღაზიების ცარიელი დახლები, რადგან მოსახლეობა დიდი რაოდენობით საკვებს იმარაგებს.

ამასთან, იტალიაში მყოფი ქართველების ინფორმაციით, მოქალაქეებს მისცეს რეკომენდაცია, თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან.

"სუპერმარკეტები, მეტრო ცარიელია. ყველაფერი დაკეტილია. დღეიდან უნდათ, რომ მილანი იყოს იზოლირებული და არავინ შემოვიდეს. დღესდღეობით რომ დაინფიცირებულთა რაოდენობა დიდია, უნდათ რომ იზოლირებულები ვიყოთ. უნდა ეცადო, არ იყო ბარებში, არ უნდა ჭამო საკვები რესტორანში," - აღნიშნა "კურიერთან" საუბრისას მილანში მცხოვრებმა ქართველმა გიორგი მარტიაშვილმა.

"საქართველომ უნდა დაკეტოს საზღვრები სანამ შესაძლებელია. მილანში ძალიან ცხელი კერაა. მე არ ვიცი ახლა ვირუსის მატარებელი ვარ თუ არა. მილანის გარშემო 10 რაიონი დაკეტილია, ჯარი და პოლიცია იცავს," - აღნიშნა იტალიაში მცხოვრები ქართველმა ია თეთრაულმა.

იტალიიდან საქართველოში პირველი რეისი უკვე ჩამოფრინდა. თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. მგზავრებს ადგილზე მედიკოსთა ჯგუფი დახვდა, რომელმაც ჩამოსული ადამიანები შეამოწმა. იტალიიდან ჩამოსული პირველი საეჭვო პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი კვლევები ჩაუტარდება.

დღის ამბები