16 აპრილი 2024,   22:02
ვრცლად
უახლოეს დღეებში საოკუპაციო ძალებმა შესაძლოა, სოფელ პერევთან არსებული ე.წ. გამშვები პუნქტიც ჩაკეტონ

უახლოეს დღეებში, საოკუპაციო ძალებმა შესაძლოა სოფელ პერევთან (სინაგურთან) არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტიც ჩაკეტონ - ამის შესახებ ინფორმაციას "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა პერევის გზის სავარაუდო ჩაკეტვის შესახებ ახალგორში რამდენიმე ადგილობრივი გააფრთხილეს.

დღეს არსებული მდგომარეობით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის პერევის საკონტროლო-გამშვები პუნქტი ერთადერთი იმედია, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, ახალგორიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას შეძლებენ. უცნობია, რას უკავშირდება ეს სიახლე, თუმცა ორგანიზაციის ინფორმაციით, ბევრმა ადამიანმა ახალგორის დროებით დატოვება იმის შიშით გადაიფიქრა, რომ ერთადერთი გზის ჩაკეტვის შემთხვევაში, სახლებში ვეღარ დაბრუნდებიან.

რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა მოსახლეობაში მისი გავრცელების შემდეგ მღელვარებამ უკვე იმატა. მათ, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის ეშინია.

მიუხედავად იმისა, რომ პერევის შემოვლითი გზით მგზავრობა არც ისე იაფია და მეტ დროსაც ითხოვს, ამ მარშრუტით ხშირად სარგებლობენ სტუდენტები, ასევე ის ადამიანები, რომელთაც კვალიფიციური სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.

ოკუპანტების მიერ გავრცელებულ ცნობასთან დაკავშირებით, ახალგორის გამგებელს ინფორმაცია არ აქვს. ნუგზარ თინიკაშვილი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა ჰუმანიტარული მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება.

ახალგორი თითქმის 5 თვის განმავლობაში იზოლაციაში იყო. სექტემბერში მიღებული გადაწყვეტილება ოკუპანტებმა მხოლოდ 2 კვირით, პენსიონერებისთვის შეცვალეს. 6 თებერვლიდან მოსახლეობის ტყვეობა განახლდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკვები პროდუქტების და მედიკამენტების დეფიციტი კვლავ შეიქმნა. მოსახლეობა შიშობს, რომ პერევის ე.წ. გადასასვლელის ბლოკირება ჰუმანიტარულ კრიზისს გამოიწვევს.

ავტორი: დავით ცაგარელი

დღის ამბები